20 მაისი 2024,   07:38
ვრცლად
შსს-მ ერაყის მოქალაქე ოჯახზე ძალადობისთვის დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მ.შ.-მ მიმდინარე წლის 30 აპრილს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს პოლიციას აღნიშნული მოქალაქის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა.

საგამოძიებო პროცესებში ჩაერთნენ სოციალური მუშაკებიც, რომლებმაც ორივე გოგონა დაუყოვნებლივ მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს.

"პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა, რომ მ.შ. საკუთარ შვილებზე ძალადობდა, რის გამოც იგი ბრალდებულის სახით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს," - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. 

გამოძიება წინასწარი შეცნობით ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები