18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
ის, რომ ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა გადაწყდა, ბადებს ეჭვს, რომ ეს არ იყო მწერლებისთვის სასიკეთოდ მიღებული - გვანცა ჯობავა

ხელისუფლების მხრიდან რევანში და სადამსჯელო ღონისძიება - განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალთა ნაწილი ღიად უპირისპირდება.

მათი თქმით, საჯარო გამოსვლების და კრიტიკული აზრის გამო, ხელისუფლებამ მათი დასჯა გადაწყვიტა, სადამსჯელო ღონისძიების შესახებ კი მწერლებმა მხოლოდ გადაწყვეტილების შემდეგ გაიგეს.

მწერლები ერთ-ერთ მაგალითად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტს ასახელებენ, რა დროსაც საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით იყო დიდი დაპირისპირება მათსა და განათლების სამინისტროს შორის.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ერთ-ერთი მონაწილე მწერალი ბესიკ ხარანაული იყო. დღეს ის ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილებები მწერლებთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მიიღოს.

ბატიაშვილის უწყებამ ორი სსიპ-ის გაერთიანებასთან დაკავშირებით რომ მწერლები საქმის კურსში არ ჩააყენა, ამაზე საუბრობს პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, გვანცა ჯობავა. ის ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მედიის საშუალებით გაიგეს.

„ის, რომ ეს ყველაფერი დახურულ კარს მიღმა გადაწყდა ძალიან საიდუმლოდ, რა თქმა უნდა, ბადებს ეჭვს და გვაფიქრებინებს, რომ არანაირად ეს არ იყო ჩვენი სექტორისთვის და მწერლებისთვის სასიკეთოდ მიღებული გადაწყვეტილება. ბევრმა თქვა კიდეც, რომ ჩვენ ამ სადამსჯელო ღონისძიებებს ველოდით იმიტომ, რომ შარშანდელ წელს მშვიდობიანად არ ჩაუვლია, როგორც ხშირად ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. ამ პროექტის მზადების პროცესშიც იყო ძალიან ბევრი დაბრკოლება, იყო ხელისშემშლელი ფაქტორები, მათ შორის, ხელისუფლების და სამინისტროს მხრიდან, რასაც დიდი ერთსულოვნებით წინ აღუდგა თანამედროვე ქართველი მწერლების დიდი ჯგუფი და ცხადია, ალბათ, რომ ეს არ იყო სასიამოვნო,“ - განაცხადა ჯობავამ.

დღის ამბები