18 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
ეს არის რეფორმის მორიგი ეტაპი - მიხეილ გიორგაძე მწერლების პროტესტს პასუხობს

კულტურის სფეროს სსიპ ორგანიზაციების გაერთიანებასა და მოდერნიზებასთან დაკავშირებით განმარტებები განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, გააკეთა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას მწერალთა ნაწილი ღიად უპირისპირდება, რომლის მიხედვითაც, მწერალთა სახლი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ერთიანდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას გიორგაძე განმარტავს და ამბობს, რომ სამინისტროში რეფორმის მორიგი ეტაპი დაიწყო, რაც  ევროპული საჯარო დაფინანსების სტანდარტების მიხედვით მიმდინარეობს.

გიორგაძე აანონსებს, რომ განათლების სამინისტროში ცვლილებები კიდევ განხორციელდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, სამინისტრომ თავის მმართველობის სისტემაში რეფორმის მორიგი ეტაპი გამოაცხადა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ სამინისტროების გაერთიანებამდე. ვგულისხმობ საჯარო დაფინანსებაზე, პრაქტიკულად, მთლიანად გადასვლას სწორედ რომ ევროპული საჯარო დაფინანსების სტანდარტების მიხედვით. დღეს რეფორმების მორიგი ეტაპი გულისხმობს მმართველობითი სისტემის, მისი ეფექტურობის გაუმჯობესებას, სხვადასხვა სექტორული ან დარგობრივი საჯარო სამართლის იურიდიული პირების გაერთიანებით. მომავალში ჩვენ ასევე ვაპირებთ ამ მმართველობითი სისტემის დახვეწაზე ზრუნვის გაგრძელებას იმ თვალსაზრისით, რომ კიდევ შემოგთავაზებთ მომავალში გარკვეულ ცვლილებებს,“ - განაცხადა გიორგაძემ.

უწყების ინფორმაციით, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციების მოდერნიზაციის, მართვის გაუმჯობესების მიზნით, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებისა და ეროვნული პრიორიტეტების თანახმად, სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები