სოფელ ყანდაურაში შვილის, რძლისა და ბიძაშვილების მკვლელობისთვის დაკავებულ 85 წლის მამაკაცს კახეთის სამხარეო პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ომარ გამყრელიძეს ბრალდების მხარე ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ედავება.
ბრალდებულს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი, ირინა იჩუკაიძე, დაიცავს.
მისი ინფორმაციით, აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ დილით იმსჯელებს.
ადვოკატის თქმით, იმის გამო, რომ ბრალდებული ასაკიანია, სასამართლოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია, საქმის განხილვის დროს მას გარკვეული შეღავათი დაუწესოს და მაგალითად, სამუდამო პატიმრობა არ მიუსაჯოს.
აღიარებს თუ არა მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს, ადვოკატი ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, არ საუბრობს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ყანდაურაში 85 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი მოკლა. საკუთარი ცოლი კი დაჭრა.