23 დეკემბერი 2024,   07:04
ვრცლად
67 წლის ქალი 34 წლის მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

67 წლის ფშაველი ქალი 34 წლის მეზობელ მამაკაცს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს. იზოლდა უძილაური კურიერთან იხსენებს, რომ პირველი მაისის ღამეს სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, მასთან მივიდა, ხანმოკლეს საუბრის შემდეგ, კი მასზე ძალადობა სცადა.

შემთხვევის დროს იზოლდა უძილაურის გულის შეტევა განუვითარდა. მისი თქმით, ეზოში გავიდა, მეზობელმა მოასულიერა და გაუპატიურება ისევ სცადა. იზოლდა უძილაური ყვება, რომ მოძალადეს ხმაურის შეეშინდა და ამიტომ გაიქცა.

ქალის განცხადებით, წასვლის წინ მამაკაცი მსხვერპლს დაემუქრა, რომ თუ ამბავს გაახმაურებდა, მაშინ ძალადობას ისევ შეეცდებოდა.

იზოლდა უძილაურმა პოლიციაში იჩივლა, თუმცა დაკავებიდან მეორე დღეს 34 წლის მეზობელი გაათავისუფლეს. გამოძიება დნმ-ის ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

67 წლის ქალმა ძალადობის ამბის ტელეეთერით გახმაურება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიხვდა, რომ პოლიცია დამნაშავეს არ სჯიდა. იზოლდა უძილაური დახმარებას საზოგადოებას სთხოვს, რადგან ეშინია, რომ ძალადობის მსხვერპლი ისევ გახდება. 67 წლის ქალი სახლში მარტო დარჩენის ეშინია. ძალადობის შემდეგ ღამე სოფლის გამგებლის ოჯახში გაათენა.

მძიმე ბრალდების ადრესატი - რამაზ უძილაური, კამერების წინ არ გამოჩენილა. დედ-მამა კი კურიერის გადამღებ ჯგუფს ჯოხით გაეკიდა.

იზოლდა უძილაურის შვილი - ია ბაიაშვილი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ამბობს, რომ რამაზ უძილაური წარსულში არაერთხელ ნასამართლევია.

შსს-მ შაბათის კურიერში გასული ანონსის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 34 წლის კაცი მეზობელ 67 წლის ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს. 

 

დღის ამბები