22 ნოემბერი 2024,   03:59
ვრცლად
51 წლის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

აჭარაში 51 წლის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით დააკავეს. შუახნის მამაკაცი სექსუალური ხასიათის დანაშაულში ერთ-ერთი სკოლის მანდატურმა ამხილა.

მანდატურმა პოლიციაში განაცხადა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭს უცნობი მამაკაცი საეჭვოდ ესაუბრებოდა. მოგვიანებით კი მე-6 კლასის მოსწავლემ სკოლის ადმინისტრაციასთან დაადასტურა, რომ 51 წლის მამაკაცი მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა, ტრანსპორტში ერთი-ერთი შეხვედრის დროს კი ბავშვს უცნაურად ეხებოდა.

მანდატურის შეტყობინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ 12 წლის მოზარდი არ იყო ერთადერთი, ვისთანაც მამაკაცი სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.

სექსუალური ხასიათის ძალადობისთვის დაკავებულს წარდგენილ ბრალზე საუბარი არ სურს.

საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ ერთ-ერთი დაზარალებული, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულის ნათესავია. დოკუმენტებით დგინდება, რომ 51 წლის მამაკაცის მხრიდან საკუთარ ნათესავ ბიჭზე ადგილი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა.

იმის გამო, რომ ბრალდებული ფსიქიკურად შეურაცხადია, დროებით მის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მას 18 თვის გატარება იძულებით ხონის ფსიქიატრიულში მოუწევს. ამის შემდგეგ კი თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იქნება, საქმის წარმოებას პროკურატურა ისევ გააგრძელებს.

დაკავებულის ოჯახის წევრები ცდილობენ, დამტკიცონ, რომ 51 წლის კაცს არასრულწლოვან ბიჭებზე ძალადობა არ უცდია, საქმე კი, რომლის გამოც უკვე 3 თვეა, პატიმრობაშია, გამოგონილია.

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი მომხდარის შემდეგ სკოლაში არ დადიოდა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო, საქმეში სოციალური მუშაკები ჩართეს და 12 წლის ბავშვზე ფსიქოლოგები მუშაობენ.

 

 

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

დღის ამბები