23 დეკემბერი 2024,   05:13
ვრცლად
"დაიწყო "რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა, ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი" - ნიკა გვარამია

ხელისუფლების მორიგი თავდასხმა "რუსთავი 2"-ზე და "ქართული ოცნების" ახალი გეგმა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ - სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია იმ ახალ სარჩელზე საუბრობს, რომელიც "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ მომზადდა. გვარამიას თქმით ეს არის "სარჩელი სარჩელისთვის" და ეს არის მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღნდეგ.  

"დაიწყო "რუსთავი 2"-ზე შეტევის ახალი ფაზა და რა თქმა უნდა ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ "რუსთავი 2"-სთვის არამხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის ამ ქვეყანაში ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ძალიან სიმბოლურია რომ ეს ბრძოლა რუსული ორიენტაციის ძალებსა და დასავლური ორიენტაციის ძალებს შორის და იმედი მაქვს რომ ყველა დასავლური ორიენტაციის ზალა გააცნობიერებს ამას, ეს ბრძოლა გადის "რუსთავი 2"-ზე. "რუსთავი 2"-ში დღეს შემოვიდა 9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, "რუსთავი 2"-ის სხვა მეწილეების, პირადად ჩემი და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სახლის წინააღმდეგ. ნინო ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადების სახით. 

ითხოვს ჩემგან და სხვა მეწილეებისგან, თუმცა თვითონ 9 %-ს ფლობს და ეტყობა მას უფრო აწუხებს ვიდრე 91% წილის მფლობელებს, ითხოვს თვითონ როგორც ამბობს, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონი ლარის, ამას ითხოვს გაყიდვების სახლისგან, არა ჩვენგან და ჩვენთვისაც უცნობია რა თანხაზეა ლაპარაკი და ერთადერთი წყარო, რომელიც ამაზე საუბრობდა 2015 წელს ეს იყო კახა ბექაური და მისი კომისია, ამაზე დაყრდნობით არის ამაზე საუბარი, სრული აბსურდია, არავითარი 10 მილიონი არ გამქრალა და ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო პოლიტიკური რეკლამების ლიმიტი ოპოზიციის სასარგებლოს და ამით ზიანი მივაყენე კომპანიას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მარეგულირებელი კომპანია საუბრობდა და ამაზე დაყრდნობითაა გაკეთებული ეს განცხადება და კანონით გათვალისწინებული საქმიანობაა, ასევე ითხოვს მილიონ 600 ათას ლარს, რადგან სხვა მეწილეებმა არ მისცეს გაყიდვის უფლება, რაც წესდებით გათვალისწინებულია... ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს დაახლოებით, ითხოვს სოლიდარულად, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის სრულიად აბსურდული, სარჩელი არის სარჩელისთვის.

„დაყრდნობილია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საგადასახადო დავალიანების ინფორმაციებს. დავა სავარაუდოდ არის არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. დავას იხილავს გამორჩეულად ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი, რომელიც არის ამ ქვეყნისთვის კარგად ცნობილი სამოსამართლეო კლანის ცნობილი მოსამართლე და კარგად ცნობილია რა გადაწყვეტილებაც იქნება გამოტანილი.

"პირველი მიზანი არის „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა,  პირველ რიგში ეხება იმ ადამიანს, ვინც არის ამ სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, ეს ყველაფერი მეხება მე. მაინც დაველოდოთ სარჩელს, მაგრამ მთავარი მოთხოვნა, რომელიც იქნება წამოყენებული, ჩვენი წინმსწრები ინფორმაციით, იქნებოდა წამოყენებული, ეს არის დირექტორის უფლებამოსილების შეჩერება. რაც ბევრჯერ სცადა ქართულმა სასამართლომ, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს გამო ეს ვერ მოხერხდა. ამჯერადაც მიმართულება აღებულია აქეთ, ამიტომ ვარ ჩართული მე მოპასუხედ. მეტსაც გეტყვით, რომ ეს მოთხოვნა ამ სარჩელში იყო, უბრალოდ, ბოლო წუთში იქნა ამოღებული. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფორმაცია, სარჩელში მოთხოვნა ამოღებულია, მაგრამ ბაჟის გადახდის მტკიცებულება ჩარჩენილია. მიზანი არის ერთადერთი ამ აბსურდული დავის. ეს არის "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ამ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხის გაჩერება, დროებითი მენეჯმენტის დანიშვნა, საქმის წაყვანა გაკოტრებისკენ და შემდეგ შეძენა ბიძინა ივანიშვილის მიერ,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მას სწორედ საქმის გაკოტრებისკენ წაყვანა შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადა. ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ არსებობს დავალიანება, რომელსაც კომპანია 2016 წლის სექტემბრიდან არ იხდის. მანამდე კი გადასახადების სრულად გადახდა ხდებოდა, მათ შორის ყადაღის დადებიდან წელიწადნახევრის განმავლობაში. ამას გარდა, ნიკა გვარამიას განცხადებით, არავის უთქვამს, რომ გადასახადების გადახდას არ აპირებენ, დავა მიმდინარეობს სტრასბურგში, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობა თვლის, რომ გადასახადები კანონიერად არ არის დადებული.

ნიკა გვარამიას თქმით, მოდავე არის არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლე, რომელმაც გეგეშიძის გარდაცვალების შემდეგ კომპანიის წილი მიიღო.

„ამ ქალბატონის მხრიდან სხვადასხვა ტიპის მცდელობები იყო და ამ ქალბატონის უკან დგას ხელისუფლება ცხადია და მისი წილი მართვაში გადაცემული აქვს ხელისუფლების ხელის ბიჭს "რიჟას." ამის უკან დგას კახა ბექაური, რომელმაც ვერაფერი უქნა ამ არხს იმის მიუხედავად, რომ დაანგრია სარეკლამო ბაზარი. შეგახსენებთ, რომ "ტელეიმედიც" არ იხდის გადასახადებს, რატომ არ იხდის არავინ იცის. ჩვენს შემთხვევაში თუ ეს გასაგებია,რომ ხელისუფლების წნეხია და სტრასბურგის სასამართლოს შეჩერება აქვს გამოტანილი, "ტელეიმედი" რატომ არ იხდის გადასახადებს არავინ იცის, რა ლეგიტიმური საფუძველი არსებობს ამისთვის,“-აცხადებს ნიკა გვარამია.

სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი, გოგი გეგეშიძის დირექტორობის პერიოდს იხსენებს. 

„ახლა ვინ მედავება, გოგი გეგეშიძე. მედავება კომპანიისთვის ზიანის მიყენებას. მოდი ვნახოთ, რას შვებოდა გოგი გეგეშიძე თვითონ, ნუ მისი ცოლი მედავება. შევახსენებ მისი ქმრის დირექტორობის პერიოდს. 2009 წელს, გოგი გეგეშიძის დირექტორობის პერიოდში, ამ კომპანიის შემოსავალი იყო 25 მილიონი, 2010 იყო 47 მილიონი, მაგრამ ეს არის შენატანები კაპიტალში, იმიტომ რომ შენობა უნდა აშენებულიყო. 2011 წელს, 38 მილიონი, 2012 წელს, რაც მე დამხვდა, 31 მილიონი. გასავალი ყოველთვის უფრო მეტია. 2012-ში, როცა დამხვდა, იყო გასავალი მეტი, მაგრამ 2010 წელს, არის შემოსავალსა და გასავალს შორის პლუს 6 მილიონი, 2010 არის პლუს 10 მილიონი. ამ პერიოდში, ბატონი გოგი გეგეშიძეს ჰქონდა დაგროვილი დავალიანება საბიუჯეტო და ეს დავალიანება არ გაუსტუმრებია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პლუსში. საგადასახადო შეთანხებით, გადასახადი 2010 წელს განულდა, განულდა 2012 წელსაც. აი ამ ყოფილი დირექტორის სამართალმემკვიდრე, რომელსაც 25 მილიონი გადასახადი გაუნულა სახელმწიფომ იმის გამო, რომ არ იხდიდა, მედავება მე, ნიკა გვარამიას გადასახადების გადაუხდელობას. იმ ნიკა გვარამიას, რომელსაც დახვდა სავალალო მდგომარეობაში კომპანია, რომელსაც კომპანიაში ბუღალტერიაც კი არ გადმოვარდა და არც კი არსებობდა პრაქტიკულად, ბუღალტერია გოგი გეგეშიძის დროს და არსებობდა შავი შენატანები და გასავლები კომპანიაში. 2012 წლის მეორე ნახევრიდან გაჩნდა ამ კომპანიაში, რეალურად ბუღალტერია, 2013 წლიდან დაიწყო ამ კომპანიამ ყველა გადასახადის გადახდა, ყოველგვარი დაგვიანების გარეშე, და ამას აკეთებდა 2016 წლის სექტემბრამდე, ვიდრე სახელმწიფომ ეს სრულიად შეუძლებელი გახადა. 2015 წელს, როცა ამბობენ, რომ გაქრა 10 მილიონი, ჩვენი შემოსავალი იყო 39 მილიონი და ეს იყო რეკორდული თანხა. მერე დაიწყო დაღმასვლა, იმიტომ რომ მათ შორის ბატონი ბექაურის და „ქართული ოცნების“ დამსახურებით, სარეკლამო ბაზარი დაინგრა, ასევე გაჩნდა მეტი კონკურენცია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, უბრალოდ ბევრი არხი გაჩნდა. ამიტომ, შემოსავლები „რუსთავი 2“-ის ამ პერიოდში, ყველა ტელევიზიაზე მაღალია, აბსოლუტურად ყველა ტელევიზიაზე, მათ შორის “იმედზე“ უფრო მაღალია. ჩვენ ვყიდით 65%-ს მთელი ბაზრისას და ტელეკომპანია „იმედისგან“ განსხვავებით, 15 მილიონს ჩვენ წელიწადში არ გვასხამენ,“ - აცხადებს ნიკა გვარამია. 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ სარჩელის რეალური მიზანი, კომპანიის ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

„ასე, რომ ეს პრეტენზია, რა თქმა უნდა, არის ჰაერიდან მოტანილი. ამ პრეტენზიას არავითარი საფუძველი არ გააჩნია. ეს პრეტენზია არის შესული მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გაუჩნდეს ფორმალური წინაპირობა, შემოვიდეს დროებითი მმართველის მეშვეობით „რუსთავი 2“-ში და მოკლას მისი სარედაქციო პოლიტიკა, შეცვალოს მისი ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკა და რეალურად, მთავარი ოპოზიციური არხი გააქროს. ეს მცდელობები ადრეც იყო. რატომ ხდება ეს ყველაფერი სტრასბურგის სასამართლოს წინმსწრებად, ეს არის რა თქმა უნდა, იზოლაციონიზმისკენ მიმავალი გზა“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იგი იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუწოდებს, კომპანიაში დროებითი მმართველის უკანონოდ რეგისტრაციისგან თავი შიეკავოს. გვარამია სთავაზობს მოდავე მხარეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ის ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში.

„თუ ეს დავა არის ორ ბიზნესსუბიექტს შორის დავა, თუ აქ რეალური წინაპირობა არის ზიანის ანაზღაურება, ეს აბსურდია, მაგრამ ჩავთვალოთ რომ ეს ნამდვილად ასეა, მე ვთავაზობ ქალბატონ ნიჟარაძეს, გამოიტანოს სარჩელი ქართული სასამართლოდან და შეიტანოს ნებისმიერ საერთაშორისო არბიტრაჟში. ვიდაოთ როგორც მხარეებმა იმ სასამართლოში, რომლისაც ორივე მხარეს გვჯერა. ჩვენ, „რუსთავი 2“ ქართულ სასამართლოს ცხადია არ ვენდობით, გვაქვს ამის გამოცდილება, გვაქვს გამოცდილებები და ზუსტად ვიცით, ეს რითიც დამთავრდება. თუ ნამდვილად, ეს არის დავა ორ ბიზნეს სუბიექტს შორის, ჩვენ ვთავაზობთ მოდავე მხარეს, შეიტანოს სარჩელი ნებისმიერ არბიტრაჟში, უნდათ საქართველოში შევქმნათ ჩვენთვის სანდო პირებისგან არბიტრაჟი, უნდათ საერთაშორისო არბიტრაჟში შეიტანონ სარჩელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვენდობოდეთ იმ უწყებას, რომელიც ჩვენ დავას განიხილავს“ - აცხადებს ნიკა გვარამია.

მისი თქმით, ხელისუფლება ღიად ესხმის თავს "რუსთავი 2"-სა და ქართულ დემოკრატიას, ამიტომ „რუსთავი2“ გადადის თავდასხმის რეჟიმზე, რადგან რამდენი ეპიზოდური ომიც არ უნდა მოიგოს "რუსთავი 2"-მა არ იქნება საკმარისი, რადგან ხელისუფლება ქვეყნის იზოლაციის გზით მიდის. ნიკა გვარამიას თქმით, ყველამ ერთად უნდა შეცვალოს არსებული ხელისუფლება.

„ახალი ომი გაიხსნა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მხოლოდ ჩვენი ინტერესის დაცვას, არ ვაპირებთ თავდაცვის მდგომარეობაში გადასვლას, ჩვენ გადავდივართ თავდასხმის მდგომარეობაზე, ვიცით,რომ მხოლოდ "რუსთავი 2"-ის ინტერესების დაცვა ვეღარაფერს მოიტანს უნდა შეიცვალოს ის ვინც "რუსთავი 2"-ს და ქართულ დემოკრატიას თავს ესხმის.

„რუსთავი2“ გადადის საგანგებო მდგომარეობაზე როგორც წინათ. „რუსთავი 2“ კვლავ მოიგებს ამ ომს,დაიხურება "რუსთავი 2" და გაიხსნება ახალი იგივე სახეებით, ეს არაფერს შეცვლის, ჩვენ ამ ომის წაგებას არ ვაპირებთ, “-აცხადებს ნიკა გვარმაია.

 

დღის ამბები