23 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
„თუ სიტყვის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება, გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი" - მოისწრაფიშვილი

„თუ სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება საქართველოში იყოს დაცული,“ - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის პრესსპიკერი „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ დაწყებულ ახალ შეტევას და სამაუწყებლო კომპანიის 9%-იანი წილის მფლობელი ნინო ნიჟარაძის სარჩელს.

ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ თუკი სიტყვის თავისუფლებას რაიმე საფრთხე დაემუქრება, აუცილებლად გამოყენებული იქნება ყველა კანონიერი რესურსი.

კითხვას, ხედავს თუ არა პრეზიდენტი ამ საქმეში პოლიტიკურ ინტერესს, ან არის თუ არა დარღვეული სიტყვის თავისუფლება უკვე ამ მოცემულობით, ზურაბიშვილის ადმინისტრაცია უპასუხოდ ტოვებს.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით სიტყვის თავისუფლება დაცულია და გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისად გამოყენებული იქნება ყველა კანონისმიერი რესურსი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება იყოს სრულიად დაცული. კონსტიტუციით არის გარანტირებული საქართველოში სიტყვის თავისუფლება.,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სამაუწყებლო კომპანიის 9%-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში, დაახლოებით, 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებით, ნიჟარაძის უკან ხელისუფლება დგას. მისი თქმით,  ეს არის სარჩელი სარჩელისთვის და მორიგი შეტევა თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ.

გვარამიას განცხადებით, პროცესის მთავარი მიზანი “რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.

დღის ამბები