23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
როგორ მიმდინარეობს 2008 წლის ომის გამოძიება - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა საქართველში შეხვედრებს მართავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა საქართველოშია. დელეგაციის წევრები რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულებს, არასამთავრობო სექტორს და ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებენ, რა ეტაპზეა გამოძიება.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერი, ფადი ელ აბდალა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გამოძიების ოფისმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ მონაწილეობა მიიღოს გამოძიების პროცესში, ის მაინც არ თანამშრომლობს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გამოძიება არ შეჩერდება და ის შედეგს აუცილებლად დადებს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისიდან არაერთხელ იყო ხაზგასმული, რომ კონფლიქტის ყველა მხარის თანამშრომლობა გამოძიების პროცესში სასარგებლო იქნებოდა, რადგან ეს მათ მისცემს საშუალებას, მათი შეხედულებები და მტკიცებულებები წარმოედგინათ. პროკურორის ოფისიდან რამდენიმე მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია და დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. ფატუ ბენსუდა მუდმივად იმეორებს, რომ ის მზადაა, თანამშრომლობისთვის და მზადაა, ასევე ადგილზე ჩასასვლელად თუ ეს პროცესს დაეხმარება. ჩვენ ახლაც მზად ვართ თანამშრომლობისთვის, მაგრამ ის ფაქტი, რომ თანამშრომლობა არ ხდება.

„ეს არ შეუშლის ხელს გამოძიებას, რადგან არსებობს გამოძიების რამდენიმე გზა და მეთოდი და მტკიცებულებების სხვდასხვა ტიპი, რომელსაც შეიძლება პროკურორის ოფისი დაეყრდნოს. გამოძიება მიმდინარეობს და დეტალზე ჩვენ არაფრის თქმა შეგვიძლია, რადგან მთავარი პრინციპი მისი კონფიდენციალურობაა, რომელიც სასამართლო განხილვამდე დაცული უნდა იყოს, ამის შემდეგ შეგვეძლება გამოძიების შედეგებზე საუბარი,“ - განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსპიკერმა, ფადი ელ აბდალამ.

შეხვედრაზე მსხვერპლთა ნდობის ფონდის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებიც დაზარალებულებს ხვდებიან.

„მსხვერპლთა ნდობის ფონდი ამ წუთას სიტუაციის შეფასების ეტაპზეა. ამ შეფასებას ნდობის ფონდი დირექტორთა ბორდს გადასცემს. ამის შემდეგ გადაწყდება საჭიროა თუ არა დახმარების პროგრამის ინიცირება. ჩვენ შეგვიძლია ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში. ჩვენს გვაქვს პერიოდული კონტაქტები ქართულ არასამთავრობოებთან და პროფესიონალებთან და კიდევ ვაპირებთ მათ გაღრმავებას. მიზანი კი ის არის, რომ შევაგროვოთ ინფორმაცია და დავაკმაყოფილოთ მსხვერპლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საჭიროებები,“ - განაცხადა მსხვერპლთა ნდობის ფონდის პროგრამის ხელმძღვანელმა, სკოტ ბარტელმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები