23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ეს ამათ არ შერჩებათ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი - მახლაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე დღეს არ მივიდა, მისი თქმით ის ხვალ, სამუშაო დღეს აპირებს უწყებაში მისვლას. რამდენიმე წუთის წინ შვილმოკლულ მამასთან პარლამენტის წინ გაშლილ კარავთან სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა  მალხაზ მაჩალიკაშვილს გადასცეს უწყება, სადაც ის მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული არა გამოკითხვაზე. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას დაკითხვაზე 15:00 საათზე იბარებენ, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ოქმი არ ჩაიბარა. ამ ეტაპზე უცნობია შეცვლის თუ არა ის გადაწყვეტილებას, რადგან მან  საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე, თქვა რომ სუს-ში მისვლას ხვალ გეგმავს.

„ამ წელიწადნახევარში პირველი დღიდან სულ ამას ცდილობდნენ გაენადგურებინათ ვახა, გაენადგურებინათ თემირლანის საქმე და იმას ცდილობენ და უნდათ ძალით, ძალიან გულით უნდათ იმათ, რომ იმას, რომ მიაღწიონ მაგრამ ეს არ მოხდება. ამათ ერთადერთი მიზანი არის ის და თუნდაც მე რომ დამიჭირონ მათდა საუბედუროდ ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან  ბევრი ხალხი. გუშინ, ევროპაში მთელი ქართველთა დიასპორა, მთელი ჩეჩენ-ინგუშეთთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. ამათ რაც ახლა გამოაქვეყნეს ეს განცხადება, სუს-მა დაუსვა თავის ისტორიას წერტილი. ამათ შეეძლოთ ერთი სიტყვით ეს 9 თვე, რომ აქ არ გამეტარებინა მე. ერთი სიტყვით, დიახ, ბოდიშით ბატონო ვახა, ჩვენ მოგვივიდა შეცდომა. რატომ არ იძახიან შურისძიების მცდელობას, რატომ არ იძახიან მკვლელობის მცდელობას, იმიტომ რომ შურისძიების მცდელობას რომ იტყვიან ამას ყველა მიხვდება. როდის იძიებს კაცი შურს? როცა არაფერში დამნაშავე არ არის და მოგიკლავენ ვიღაცას. აი ამიტომ არ იძახიან და პირდაპირ იმ კონტექსტში გადაიტანეს ტერაქტის მცდელობა. სირცხვილი ამათ, სირცხვილი ამ უღირსებს,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხელისუფლებას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა. მედიკო მარგოშვილი აცხადებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება, რასაც ახლა მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ი ედავება, გედევან ფოფხაძემაც გააკეთა, თუმცა მისთვის ტერორისტი არავის უწოდებია.

„ამაზე უარესი არ იყო ფოფხაძე? ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, გლეხი ხალხი ვართ, გამწარებულები ვართ, გულნატკენები ვართ მა ხელისუფლებისგან განადგურებულები ვართ. ჩვენს სიცოცხლეს აზრიც არ აქვს დღეს. რა მიზნით განცხადება გააკეთა ფოფხაძემ ან რა ჰქონდა ისეთი ტრაგედია, რომ პარლამენტში შევალ და თავს ტროტილით ავიფეთქებო. რა ბრალდება წაუყენეს  და რეაგირება მოახდინეს? ან ტერორისტი უწოდეს? უბრალო რამეზე რომ ჩემს მეუღლეს ტერორისტობასაც აბრალებენ ვერა და ვერ გაძღა ეს ხელისუფლება ჩვენი ტრაგედიით,“-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

სუს-ი გამოძიებას აწარმოებს ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები