22 დეკემბერი 2024,   17:11
ვრცლად
საბჭოთა სიმბოლიკა და სიმღერები - ნინოწმინდაში 9 მაისი ადგილობრივ პრორუსულად განწყობილ პირებთან ერთად, ენზელ მკოიანმაც აღნიშნა

„უკვდავი პოლკის“ დემონსტრაციული მარში ნინოწმინდაში - საბჭოთა სიმბოლიკით აღჭურვილი ადამიანების გვერდით იდგნენ „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლებიც. მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება და მაჟორიტარი დეპუტატი.

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ენზელ მკოიანი თავს არიდებს უხერხულ კითხვას, იზიარებს თუ არა იმ მოსაზრებას, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის.

მმართველი გუნდის წევრის დუმილს კი დღეს ისევ საბჭოთა სიმღერები არღვევდა, რომელიც ჯავახეთის თითქმის ყველა დიდ სოფელში ისმის.

კონცერტზე საბჭოთა ჰიტების შესრულებასთან დაკავშირებით ენზელ მკოიანი ამბობს, რომ არ იცის, ვინ შეარჩია სიმღერები ღონისძიებისთვის.

„დღეს 9 მაისია, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე. ამ დღეს ბევრი ადამიანი დაიღუპა. პატივი უნდა მივაგოთ მათ, რომ დღეს მშვიდობაა. არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი?  სხვა სახელმწიფოზე არ გინდა ლაპარაკი. დღეს მხოლოდ 9 მაისზე ვლაპარაკობთ, დღეს დღესასწაულია. კონცერტი უბრალო ხალხის ორგანიზებულია, ამ ბავშვებს მშვიდობა უნდათ, ისინი არ ფიქრობენ, რომ ამ სიმღერაში ცუდი სიტყვებია, თვითონ აარჩიეს თუ არა, არ ვიცი. მე ხომ ორგანიზატორი არ ვარ, ვერ ავუკრძალავ ხალხს რაიმეს,“ - განაცხადა მკოიანმა.

ნინოწმინდა გახდა კიდევ ერთი ქალაქი, სადაც კრემლიდან დაფინანსებულმა „უკვდავმა პოლკმა“ დემონსტრაციული მარშით ჩაიარა და მშვიდად უთხრა მთელ სამყაროს, რომ მათთვის რუსეთი ოკუპანტი არ არის.

"უკვდავმა პოლკმა" დღეს მსვლელობები სამცხე-ჯავახეთის გარდა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოაწყო, მათ შორის, თბილისში.

დღის ამბები