26 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
3 მილიონით გაზრდილი ქონება "ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ალექსანდრე ტაბატაძე - ოფიციალური მილიონერი მთავრობიდან

ალექსანდრე ტაბატაძე - ოფიციალური მილიონერი საქართველოს მთავრობიდან. უკვე სამი კვირაა, ტაბატაძეს ციხეები ჩააბარეს და თეა წულუკიანის მოადგილედ დანიშნეს. „კურიერი“ დაინტერესდა, რა ქონება მოაგროვა ტაბატაძემ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

"კურიერის" მიერ მოპოვებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ ტაბატაძის ქონება 2012 წლიდან დღემდე 3 მილიონით გაიზარდა.

თუმცა, დეკლარაციაში მაღალჩინოსანს მხოლოდ ამ თანხის ნახევარი აქვს მითითებული. დანარჩენი აქტივები და ბიზნესები კი ახლო გარემოცვის სახელზეა გაფორმებული და გადამალული.

ტაბატაძის ოჯახის საკუთრებაში ბოლო 7 წლის განმავლობაში თბილისსა და ბათუმში 1600 კვმ. საცხოვრებელი ბინები, კომერციული ფართები და თბილისში მანგლისსა და მცხეთაში 12 233 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთები გადაიფორმა.

ალექსანდრე ტაბატაძის ქონების ნაწილი მისი მეუღლის ია იაძის სახელზე გაფორმებული. ბოლო შვიდ წელიწადში თბილისის ელიტარულ უბნებში მან არაერთი ძვირადღირებული უძრავ ქონება შეიძინა.

ქონება, რომლიც მაღალჩინოსნის დეკლარაციაში ვერ მოხვდა, „კურიერმა" საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებში იპოვა, საიდანაც დასტურდება, რომ ტაბატაძის 67 წლის დედამ ძვირადღირებული ქონება ბოლო 5 წელიწადში დააგროვა.

2018 წელს კი მან 113 კვადრატი ხოშარაულის 6 ნომერში იყიდა და მარკეტების ქსელ „ფუდმარტზე“ გააქირავა. 2014 წლიდან მის სახელზეა გაფორმებული ნუცუბიძის 14 ნომერში 159 კვადრატი კომერციული ფართიც, სადაც ტაბტაძეების სასურსათო მაღაზიათა ქსელი "სანმარი" საცხობი და სილამაზის სალონი მუშაობს.

ოფიციალური მონაცემებით, ალეკო ტაბატაძე სუპერმარკეტების ქსელს 2014 წლიდან ფლობდა, თუმცა ფორმალურად, 100-პროცენტიანი წილის მფლობელად მისი დის ქმარი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ლაშა ტეფნაძე ჰყავდა გაფორმებული. კომპანია "სან მარის" დირექტორი კი ყოფილი პოლიციელი და ალეკო ტაბატაძის მარჯვენა ხელი, კახა ხახიშვილია.

კიდევ ერთი ძვირადღირებული ბიზნესი, რომელიც სავარაუდოდ, ალეკო ტაბტაძემ ხახიშვილის სახელზე 2015 წელს გააფორმა, კომპანია "დიღომი ვილა გაზია."  გაზმომარაგების ქსელი 40-პროცენტიანი წილი კი 2015 წლიდან ხახიშვილის სახელზეა გაფორმებული. ამ ფაქტის შესახებ მისმა ოჯახმა არაფერი იცის.

ალექსანდრე ტაბატაძეს, სავარაუდოდ, უძრავი ქონება და ბიზნესი სხვა ნათესავებზეც აქვს გადაფორმებული. მათ შორის ნუცუბიძის 14 ნომერში, სადაც მაღალჩინოსანი ცხოვრობს, უძრავ ქონებას ფლობს მისი სიდედრი, მზია იაძე და მისი და, იამზე ტაბატაძეც.

იამზე ტაბატაძე ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას დედაქალაქის სხვა უბნებშიც ფლობს, მათ შორისაა, ვეკუას 1 ნომერში 800 000 დოლარის ღირებულების ფართი, რომელიც „ლიბერთი ბანკზეა“ გაქირავებული.

უძრავი ქონებას ფლობენ ალეკო ტაბატაძის შვილები და დისშვილებიც. ცოტნე დადიანის გამზირზე კომერციული ფართი ტაბატაძის ვაჟმა 30 000 დოლარად შეიძინა და ობიექტი ახლა სუპერმარკეტების ქსელზე "ნიკორაზეა" გაქირავებული.

ტაბატაძის დისშვილების საკუთრებაშია წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კომერციული ფართი, სადაც სუპერმარკეტების ქსელი „ფუდმარტი“ მუშაობს.

მილიონერი მაღალჩინოსნის ქონების ეს მხოლოდ მცირედი ნაწილია. 2012 წლამდე ალექსანდრე ტაბატაძე სხვა ძვირადღირებულ ქონებებსაც ფლობდა. 

დღის ამბები