18 აგვისტო 2019,   11:55
ვრცლად
"ქართული ოცნებისა" და მისი ლობისტების სკანდალური მიმოწერა - საიდუმლო დოკუმენტები "რუსთავი2"-ს მიაწოდეს

„ქართული ოცნებისა“ და მათ მიერ დაქირავებული ლობისტების სკანდალური და გასაიდუმლოებული მიმოწერა - დოკუმენტი „რუსთავი2“-ს მიაწოდეს.

მასშტაბური მიმოწერა 600 დოკუმენტისგან შედგება და“რუსთავი2“ ეტაპობრივად შიფრავს. ერთ-ერთი ეპიზოდი ოპოზციის წინააღმდეგ საერთაშორისო მასშტაბის შავი პიარკამპანიის დაგეგმვას უკავშირდება. ირკვევა, რომ მმართველი გუნდი და მისი ლობისტები 2016 წელს შავ კამპანიას გიგი წერეთლის წინააღმდეგ გეგმავდნენ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს.

„ქართული ოცნება“ და მისი ლობისტები შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტი შესაძლოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გამხდარიყო. მათი მიზანი კი იყო ის, რომ ეს ფაქტი არ დაეშვათ. განსაკუთრებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელზე მთავარი დამკვირვებელი ტრადიციულად ეუთო უნდა ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ წევრებისა და მათი ლობისტების მიმოწერაში ნათქვამია, რომ თუ  გიგი წერეთელი გაიმარჯვებს და ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გახდება მისი პოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

მიმოწერაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიცია შესაძლოა თავს დასხმოდა „ქართულ ოცნებას“, ბიძინა ივანიშვილს და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა არჩევნების ლეგიტიმურობა.

ლობისტები ასევე ხაზს უსვამენ, რომ თუ გიგი წერეთელი გახდება პრეზიდენტი ის გააკონტროლებს არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესს.

მეილში ფიგურირებს ამჟამინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და ოლივერ სპენსერი, რომელიც იყო ეუთოს ყოფილი გენერალური მდივანი, სწორედ ისინი არიან ამ შინაარსის წერილების ადრესატები.

2016 წელს, გიგი წერეთელი მართლაც არ აირჩიეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად. წერეთლის არჩევას, რომელიც მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ და რუსული დელეგაცია ეწინააღმდეგებოდა.  თუმცა გიგი წერეთელი საბოლოოდ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მაინც გახდა. როგორც თავად ამბობს, მის წინააღმდეგ წარმოებულმა შავმა კამპანიამ მოკლევადიანი შედეგი მაინც გამოიღო.

დღის ამბები