19 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
„ჭიათურ მანგანეზის“ მაღაროელების პროტესტი - ხელისუფლებამ გაფიცულებს და ჟურნალისტებს კრიმინალური ავტორიტეტები დაუპირისპირა 

„კურიერის“ ჟურნალისტებს და „ჭიათურ მანგანეზის“ გაფიცულ მაღაროელებს ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები დაუპირისპირა. საპროტესტო აქციაზე მისულ ასობით მუშასთან, რომლებიც ადამიანურ სამუშაო პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას მოითხოვენ, უცნობი პირების მითითებით ქურდული სამყაროს წევრის „რემენას“ ძმა მივიდა და რამდენიმეს გვერდზე გასვლა სთხოვა.

ჭიათურიდან „კურიერის“ პირდაპირი ჩართვის ჩაშლა, აგრესიულად განწყობილთა ჯგუფმა მას შემდეგ სცადა, რაც გაფიცულ მუშებთან საქმის მოსაგვარებლად მისული კრიმინალური ავტორიტეტის, „რემენას“ ძმა კადრებში დაფიქსირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.

კრიმინალური ავტორიტეტის „რემენას“ ძმამ, ონისე ბარბაქაძემ აქციის ორი მონაწილის გაყვანა მოახერხა, თუმცა რა უთხრათ, ამაზე მუშები არ საუბრობენ.გაფიცული მაღაროელები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ჭიათურ-მანგანეზის“ 10-ვე მაღარო ამ დრომდე გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი ადამიანი რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს.

ჭიათურ მანგანეზის“ თანამშრომლები ყვებიან, რომ ხშირად მშივრები მუშაობენ, ადგილზე კი სარისკო სამუშაოს მიუხედავად, პირველადი დახმარების გასაწევად საჭირო სამედიცინო ინვენტარიც კი არ არის.

ჭიათურ მანგანეზში“ კი აქციის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ. კომპანიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ პროცესი მართულია და კონკრეტული ძალის ინტერესს ემსახურება.

აქციის მონაწილეები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ და გაფიცვის ერთადერთ მიზეზად გაუსაძლის სამუშაო პირობებსა და დაბალ ხელფასს ასახელებენ.

მათი თქმით, თუ ხვალ შუადღემდე კომპანია მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, გაფიცულთა ნაწილი პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართავს და უვადო შიმშილობას გამოაცხადებს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები