17 მაისი 2024,   10:25
ვრცლად
"ჩვენ არ ვიშლებით" - მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის შეხვედრა ვერ შედგა 

რუსთავში, ერთ-ერთი მსხვილ საწარმოში დასაქმებულ მუშებთან ერთ საათიანი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. მეტალურგიული ქარხნის გაფიცული თანამშრომლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ. 

მათი თქმით, ხელმძღვანელობასთან ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე, ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ. მუშებმა საპროტესტო აქცია დღეს დილიდან ისევ განაახლეს, რის გამოც საწარმოში ფოლადის არმატურის წარმოება კვლავ შეჩერებულია.

„შემოთავაზება შედგა, რომ იყოს 4 ცვლა, რა ხელფასსაც ვიღებთ სამ ცვლაში, იგივე დარჩება, ესეთი შემოთავაზებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა არ ვართ თანახმა. ჩვენ გვინდა 50%-ით მომატება და 4-ცვლიანის გაკეთება. ახლა ჩვენ დავილაპარაკებთ, ფოლადსადნობს გასცემენ პასუხს ორშაბათს, ჩვენ არ ვიშლებით. სანამ ყველა ცეხს, ფოლადსადნობს იქნება ეს თუ სხვადსხვა ცეხების, სანამ სრულად პასუხს არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ არ დავიშლებით“ - განაცხადა აქციის მონაწილემ, გიორგი ტყემალაძემ.

რუსთავის საწარმოში დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. ისინი დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

„არ შეიძლება განვიხილოთ საკითხი მხოლოდ კონკრეტული ცეხების მიხედვით, ზოგადად არის შესაცვლელი შრომის პირობები. მაგალითად, თუ სამცვლიანზე ადამიანი მუშაობდა, არ შეიძლება შრომის კანონმდებლობით, უნდა გადავიდნენ 4-ცვლიანზე შესაბამისი ხელფასებით“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილემ, არჩილ მელიქიძემაც.

„წინადადება ძირითადად ეხება, სამუშაო საათების შემცირებას ისე, რომ ხელფასის შემცირება არ მომხდარიყო, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ. საათობრივ ანაზღაურებაში რომ გადათვალო ხელფასის ზრდა მოხდა. ის, რაც მათი მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა შესრულდა“ - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

 

 

დღის ამბები