18 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ზუგდიდის საოლქო კომისიაში - ოპოზიციას კომისიის სხდომაზე მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა არ მიეცა 

ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა დღესაც დაპირისპირების ფონზე რამდენიმე წუთში დასრულდა. მირანდა მესხმა არც დღეს მისცა ოპოზიციას სხდომაზე საკითხების დაყენების შესაძლებობა. კომისიის თავმჯდომარემ სხდომის დასრულების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერთიანებული ოპოზიცია მათი საჩივრების განხილვას ითხოვდა. მესხს არც დღის წესრიგით გაწერილი საკითხები განუხილავს და დარბაზი ისე დატოვა, რომ ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხა. მას კომენტარი არც მედიასთან გაუკეთებია და ოთახიდან გაიქცა. გაერთიანებული ოპოზიცია სხდომაზე კონკრეტული მტკიცებულებებით მივიდა.

კიდევ ერთი დარღვევა, რაზეც დღეს გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა საჩივარი დაწერეს, 81-ე უბანზე მომხდარ ინციდენტს ეხება. კერძოდ, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები 81-ე საარჩევნო უბანზე, გადასატანი ყუთების სიების გადასამოწმებლად 14:30 წუთზე იმყოფებოდნენ, თუმცა უბნის თავმჯდომარემ დრო 15:30 საათი მიუთითა.  

81-ე უბნის მდივანი, მაია ანთელავა, „კურიერთან“ სატელეფონო საუბრის დროს აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის თავმჯდომარე მობილური ტელეფონის საათით ხელმძღვანელობდა, რომელზეც დრო იყო არეული. შესაბამისად, მისი თქმით, მომხდარი შეცდომა სწორედ მობილურ ტელეფონზე არეულ დროს უკავშირდება.   

მაია ანთელავას განცხადებით, ის საოლქო კომისიაში დაიბარეს და ახსნა-განმარტებაც დაწერილი აქვს. 

„ტელეფონის საათით მუშაობდა, ტელეფონს ჰქონდა დრო არეული... ეს იყო რაღაც პატარა ხარვეზი იყო... საოლქო კომისიაში დამიბარეს, ახსნა-განმარტებაც დაწერილი მაქვს და განიხილება საჩივარი და შეგიძლიათ მერე ჩაწეროთ კიდეც. ახლა არ ვიმყოფები უბანზე... მე მაინც ვიდეო ჩანაწერს არ მოგცემთ, თუ გინდათ ტელეფონით დამიკავშირდით“ - განაცხადა მაია ანთელავამ.

დღის ამბები