18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
„სთავაზობენ 10 ათას ლარს, მე-4 სტადიის კიბო აქვს ავადმყოფს" - კახათსა და დარჩელში ზეწოლა "ოცნების" მხრიდან

არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ზუგდიდი კვლავ ამომრჩეველზე ზეწოლისა და შანტაჟის მთავარი ეპიცენტრია. „კურიერის“ გადამღები ჯგუფი კახათსა და დარჩელში იმყოფებოდა. სოფლებში ონკოლოგიურ პაციენტს ხელისუფლება ძვირადღირებული წამლის ტრანსპორტირებას დაპირდა, სანაცვლოდ კი ოჯახმა თანასოფლელების მობილიზაცია უნდა მოახდინოს და ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცენ.

"კურიერის" წყაროს ცნობით, სოფლებში ბოლო რამდენიმე დღეა, დადის „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, რომელიც ადგილობრივებს პასპორტებს და პირადობის მოწმობებს ართმევს. „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა „ქართული ოცნების“ აქტივისტის გადაღება იმ დროს შეძლო, როდესაც ის ადგილობრივებისთვის ჩამორთმეული პირადობის მოწმეობებით სავსე პარკით სახლში ბრუნდებოდა. ადგილობრივების ნაწილი „კურიერს“ კონფიდენციალურობის დაცვით ესაუბრა. 

„სთავაზობენ 10 ათას ლარს, მე-4 სტადიის კიბო აქვს ავადმყოფს. კოორდინატორია ნარუშვილი ვასიკო, უთხრეს, რომ 10 ათასი ლარით დაგაფინანსებთ, თუ შენი სამეზობლოდან პირადობებს მომიტანთ. 80-მდე ადამიანმა პირადობა მისცა. იწყებენ 50 ლარიდან, 100 ლარიდან,“ - აცხადებს ერთ-ერთი პირი.

აღნიშნული ინფორმაცია ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მარიკა დათუკიშვილმა გადაამოწმა.

„ადამიანის ჯანმრთელობით, ფაქტობრივად, ვაჭრობენ. ადამიანს, რომელსაც მძიმე დაავადება აქვს და მას სიცოცხლისთვის აუცილებლად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტი, ამ მედიკამენტის თანხას ურიცხავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ის მეზობლებიდან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები არიან, შეკრებენ პასპორტებს, რომ არ მიეცეთ საშუალება, ხვალ მივიდნენ არჩევნებზე და მისცენ ხმა სანდრა რულოვსს. მაგრა ხელისუფლებას ავიწყდება, რომ კახათში ცხოვრობს ყველაზე ერთგული, პატრიოტი, ღირსეული ადამიანები. ისინი ხელისუფლების პროვოკაციებს, ამ ბინძურ მეთოდებს არ წამოეგებიან,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

ადგილობრივების თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ხმის სანაცვლოდ ფულს, სამშენებლო მასალებსა და მედიკამენტს სთავაზობენ და ურიგებენ.

„ვიცი, რომ მოდიან „ოცნების“ ლიდერები, თანამშრომლები და ვინც სანდრა რულოვსს ვაძლევთ ხმას, უნდათ ყველას შემოსყიდვა. აძლევენ ზოგს პურის ფულს, 50 მანეთს, ცემენტს, ბევრ რაღაცას აძლევენ, იმისთვის, რომ სანდრა რულოვსს ხმა არ მივცემთ,“ - განაცხადა ადგილობრივმა.

„ქართული ოცნების“ კოორდინატორმა, ვასიკო ნარუშვილმა „კურიერთან“ ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა.

"მომეშვი. გამანებე თავი. არ ვიცი, რა გვარი ვარ," - მიმართა ნარუშვილმა "კურიერის" ჟურნალისტს. 

დღის ამბები