18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის - დავით ბაქრაძე ამომრჩეველს მიმართავს

ბლოკი „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” წევრები და მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ოლქში მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეხვედრას მართავენ. შალვა შავგულიძე და ბლოკის წარმომადგენლები ამომრჩეველს ალექსანდრეს ბაღში ხვდებიან.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

დავით ბაქრაძემ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს და ძალადობას ახალისებს. 

„ნუ შეგეშინდებათ მთავრობის მხრიდან მუქარის, ნუ შეგეშინდებათ ზეწოლის, ნუ შეგეშინდებათ იმ საფრთხეების, რომლებსაც დღეს მთავრობა ხატავს. დიახ, მე ვიცი, რომ საზოგადოებაში ბევრს ეშინია არეულობის, მაგრამ არეულობას ქმნის არა ცვლილებები, არეულობას ქმნის ხელისუფლება, რომელიც არ ატარებს სამართლიან არჩევნებს და რომელიც ახდენს ხალხზე ზეწოლას, რომელიც ახალისებს ცემა-ტყეპას და ძალადობას, რომელიც არ იძიებს დანაშაულს. ეს ხელისუფლება ახდენს არეულობას და წამალი ამ არეულობის წინააღმდეგ არის სამართლიანი არჩევნები,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს.

"საქართველოს არ აქვს მომავალი იმ უკუსვლის და გაჭირვების პირობებში, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ქართულმა ოცნებამ. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, შევცვალოთ "ქართული ოცნება" და ივანიშვილი, შევცვალოთ მშვიდობიანად," - განაცხადა ბაქრაძემ.

დღის ამბები