18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
ხალხი არის ცვლილებების მოლოდინში-ხულოში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის 54-ვე უბანზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება. უკვე დაფიქსირდეს საკუთარი არჩევანი ხულოს მერობის ძირითადმა კანდიდატებმა, "ქართული ოცნებიდან" ვახტანგ ბერიძემ და "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ჯორბენაძემ.

ორივე კანდიდატი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. სახელისუფლებო კანდიდატი უკვე საუბრობს იმ გეგმებზე, რომელსაც მერად არჩევის შემდეგ განახორციელებს.

„ხვალ დილიდანვე, ფაქტიურად ჩემი არჩევის დღიდანვე დავიწყებთ იმ პრობლემებზე მუშაობას რაც გააჩნია ხულოს. ჩვენ არ გვჭირდება ამ პრობლემების ახლად შესწავლა. ფაქტიურად ყველა პრობლემა ვიცით. ვიცით ზუსტად საიდან უნდა დავიწყოთ, როგორ უნდა დავიწყოთ ამ პრობლემების მოგვარება. გვაქვს კონკრეტული გეგმა და ამ გეგმის მიხედვით გავაგრძელებთ მუშაობას,“-განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

გამარჯვებაში დარწმუნებულია „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატიც. ის ამბობს, რომ ხულო და მთელი ქვეყანა საჭიროებს ცვლილებებს.

„წინასაარჩევნო შეხვედრებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხალხი არის  ცვლილებების მოლოდინში. მე სწორედ ამას მივეცი ხმა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე როგორც ხულოში ასევე ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად განხორციელდება ცვლილებები. და საბოლოო ჯამში მე დარწმუნებული ვარ რომ ხალხს დაუბრუნდება ის რას მართლაც მისი საკუთრებაა. ეს არის ჩვენი სამშობლო, საქართველო,“-განაცხადა ირაკლი ჯორბენაძემ.  

დღის ამბები