17 ოქტომბერი 2019,   15:53
ვრცლად
ამომრჩეველთა ზეწოლა, კარუსელი და დაშინება - მარნეულში საარჩევნო უბნებზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

შუალედური არჩევნები მარნეულში - ვითარება მეორე საარჩევნო უბანზე რამდენჯერმე დაიძაბა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა ერთ-ერთი რეგისტრატორის უბნიდან გასვლა გააპროტესტა, რომელსაც საარჩევნო ყუთზე კონტროლი ევალებოდა.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უბანზე ნახევარი საათის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის ინფორმაციით, მარნეულში თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

„კურიერმა“ მარნეულში ერთ-ერთ უბანზე გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე შენიშნა, რომელიც იქ არ იყო რეგისტრირებული, შესაბამისად ხმასაც არ აძლევდა.

ბიულეტენის ჩაყრის და გატანის ფაქტები გამოვლინდა მარნეულის 68-ე საარჩევნო უბანზე. აქ ვითარება დილიდან დაძაბული იყო. აგრესია მოყვა "რუსთავი 2"-ის კამერის გამოჩენასაც. 68-ე უბანზე ვითარების დაძაბვის შემდეგ მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარეც გამოჩნდა. ამავე უბანზე მივიდა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის” წევრი, თამაზ ნავერიანიც.

სადახლოში პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ამბობდა, რომ მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკრებულოს დეპუტატი ხმის მიცემის პროცედურას აკვირდებოდა. ინციდენტს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

დაძაბული ვითარება იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოშიც. 89-ე უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა სავარაუდო კარუსელი შეამჩნია. ოპოზიციამ ასევე გაასაჯაროვა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია სოფელ აზიზქენდში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქე, რომელსაც ხელზე 41 ჰქონდა დაწერილი და დავალებული ჰქონდა მხარი "ქართულ ოცნებისთვის დაეჭირა.

ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელმა საჩივრის დაწერა მოითხოვა, თუმცა ამის ნაცვლად, კომისიის წევრმა ის უბნიდან გააძევა.

მარნეულის საარჩევნო ოლქში 90-ვე უბანი დროულად გაიხსნა, თუმცა შემდეგ არჩევნები დარღვევების ფონზე წარიმართა.

 

ავტორი: რუსუდან გიორგაძე

დღის ამბები