18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ჩამორთმეული პირადობები, უმრავლესობის ლიდერი დახურულ საარჩევნო უბანზე და გამოყრილი დამკვირვებლები - განმუხურში პოლიციაა მობილიზებული

განმუხურში 37-ე და 38-ე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

არსებული ინფორმაციით, საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლები უბნების დახურვამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოუშვეს, თუმცა იქ ამ დრომდე იმყოფება „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

დამკვირვებლები ამბობენ, რომ კანონდარღვევაა, როდესაც მათ საარჩევნო უბანს დახურვამდე ატოვებინებენ.

„პოლიცია ამოვიდა, გვითხრეს,რომ გამოდით ყველაო. არ ვიცი რა მოხდა, ჩვენ გამოგვიშვეს, პოლიცია ამოვიდა, თალაკვაძე შიგ დარჩა, იმედის ჟურნალისტების იქ დარჩნენ,“-ამბობს დამკვირვებელი.

დამკვირვებლებს კითხვები ცესკოს თავმჯდომარესთან აქვთ. მათი თქმით, თუკი თალაკვაძეს უფლება აქვს იყოს უბანზე და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, რატომ არ აქვთ უბანზე ყოფნის უფლება დამკვირვებლებს.

ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ამბობენ, რომ მობილიზების მიზეზი „მოსალოდნელი საფრთხეებია“.

თუმცა შემდეგ თქვეს, რომ ინფორმაცია საფრთხეებზე არ აქვს, მაგრამ მობილიზებულები საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად იმყოფებიან.

ადგილობრივები ასევე ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ მათ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ჩამოართვეს ორშაბათამდე.

„პირადობები იყო ჩამორთმეული, ეუბნებოდნენ,რომ პირადობები სჭირდებოდათ,“-ამბობს ერთ-ერთი დამკვირვებელი.

ადგილობრივი ამბობს, რომ პირადობები ყველას სამი დღის წინ ჩამოართვეს და ორშაბათს ყველას დაუბრუნებენ.

დღის ამბები