ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ლარმა დოლართან მიმართებაში ვარდნის ანტირეკორდი მოხსნა.
სავალუტო ბაზარზე პანიკაა, თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეფასებისგან თავს იკავებს, მიზეზად კი მოკლევადიან რყევებს ასახელებს, რომელზეც გვენეტაძის განცხადებით, ცენტრალური ბანკები განმარტებებს არ აკეთებენ.
არსებულ ვითარებაზე საუბრისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ის ნორმის ფარგლებშია.
„გაცვლით კურსთან დაკავშირებით როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოკლე ვადიან პერიოდში არსებულ რყევებზე, როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ასევე ცენტრალური ბანკები არ აკეთებენ განმარტებას, რადგანაც ეს შეუძლებელია. რადგან ლარზე და გაცვლით კურსზე ზოგადად კომპლექსურად მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი. აქ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ თუ რა ხდება ინფლაციასთან დაკავშირებით. ინფლაცია საქართველოში არის მიზნობრივ მაჩვენებლებთან ახლოს. ქალბატონმა ლაგარდმა აღნიშნა კიდეც, რომ ინფლაცია ქვეყანაში არის დაბალი,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
„კურიერმა“ კობა გვენეტაძესთან კომენტარი გუშინ ჩაწერა, დღეს კი ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 2.80 ლარი ღირს.