19 დეკემბერი 2024,   05:47
ვრცლად
"გვემუქრებიან, სმს-ები მიუვიდათ თანამშრომლებს," - ჭიათურაში გაფიცული მაღაროელების ნაწილმა, პირი ამოიკერა

პროტესტის მე-7 დღე და ყველაზე მასშტაბური აქცია ჭიათურაში - მოშიმშილე მაღაროელები, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ, უკვე კვირაზე მეტია ყურადღებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

გაფიცულებმა ყველა ის წერტილი გადაკეტეს, საიდანც მოპოვებული მადანის ქალაქიდან გატანა შეიძლება. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მათი წარმომადგენლები ქალაქის მასშტაბით 18 ასეთ წერტილს აკონტროლებენ.

მაღაროელების თქმით, ისინი კომპანიას არ მისცემენ საშუალებას, რომ მათი მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული ქალაქიდან გაიტანონ.

რამდენიმე ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი შიმშილობას განაგრძობს. გაფიცულია 150-ზე მეტი დასაქმებული.

ისინი ხელფასის 50 %-ით გაზრდას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. კომპანია მზად არის მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე, თუმცა ეს პირობა გაფიცულებისთვის მიუღებელია.

„ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ 25% ხელფასების ზრდა ჩვენთვის არავის შემოუთავაზებია, პირიქით შემოგვთავაზეს ჯერ 15% გაზრდა, რეორგანიზაციის შემდეგ 10%. ეს არ ყოფილა, არის ცრუ ინფორმაცია და არც ის არის სწორი ინფორმაცია, რომ ამ გაფიცვაში მხოლოდ 150 ადამიანი იღებს მონაწილეობას,“-ამბობს არჩილ ჭუმბურიძე.

გაფიცულები ამბობენ, რომ ისინი კომპანიის არცერთ შემოთავაზებაზე არ წავლენ და მუშაობას მხოლოდ ყველა მოთხოვნის შესრულების შემდეგ განაახლებენ.

თანამშრომლების თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობა მათ დაშინებას ცდილობს, რაც არ გამოუვათ. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვამდე და პროტესტის უკიდურეს ზომამდე მისვლამდე არაერთხელ ეცადნენ ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას.

„ბევრ ტალახს გვესვრიან და გვემუქრებიან. სმს-ები მიუვიდათ თანამშრომლებს, რომ ყველა თანამშრომელს მოუწევს, რომ თითქოს მიეცნენ სამართალში, მაგრამ არ გვეშინია ეს არის თითიდან გამოწოვილი, ჩვენ სამართლიანად ვაპროტესტებთ რაც არის,“-ამბობს გაფიცული გელა ბაძრგარაძე.

საპასუხოდ კი გაფიცვაში მონაწილეობისთვის ამბოხებული მაღაროელების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს „ჯორჯიან მანგანეზი.“ გაფიცულები კი ამბობენ, რომ ასეთი ქმედებით კომპანიის ხელმძღვანელობა ცეცხლზე ნავთს ასხამს.

ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები