23 დეკემბერი 2024,   14:42
ვრცლად
სამართალდამცავების მობილიზება ახალქალაქში - შსს-ის ცნობით, დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი

დაძაბული ვითარება და სპეცრაზმი  ახალქალაქში - ოპოზიციის მხარდამჭერის, კიმ კუნგოიანის დაკავებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება კუნგოიანს კრიმინალურ ავტორიტეტად მოიხსენიებს. შსს-ის ცნობით, პოლიციამ ის ახალქალაქში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ახალქალაქში კ.კ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ამოიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ახალქალაქში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

კიმ კუნგოიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის" ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აშოტ რაისიანმა გავრცელა. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას იარაღი ჩაუდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები