12 მაისი 2024,   15:05
ვრცლად
"გზა მიიყვანეს ბოლომდე" - საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად მყოფი სამოქალაქო აქტივისტი დავით გარეჯში არსებულ მდგომარეობაზე

საპატრიარქოს დელეგაცია დავით გარეჯში ჩავიდა. ქართული ისტორიული ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ მუშაობა, დაახლოებით, ერთი საათის წინ შეაჩერა. მანამდე კი კლდის ნგრევა მიმდინარეობდა.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ დავით გარეჯში აზერბაიჯანულმა მხარემ პირობა დაარღვია და შეთანხმების მიუხედავად, გზის გაყვანის სამუშაოები არ ამ დრომდე არ შეუჩერებია. ტექნიკის გაყვანის ნაცვლად, ადგილზე დამატებითი ძალები შეიყვანეს.

საპატრიარქოს წარმომადგენლებს შორის არიან საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე. ასევე, ადგილზე იმყოფება დავით გარეჯის ქორეპისკოპოსი. ისინი ჩიჩხიტურის ციხის მიმდინარედ გზის გაყვანის სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.

საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ბოლო დღეებია დავით გარეჯში მორიგეობს.

ის კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ გზის გაყვანის სამუშაოები აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს უკვე დასრულებული აქვთ. მისივე თქმით, ერთი საათის წინ გზის გაყვანის სამუშაოები შეჩერდა, თუმცა, მიზეზი უცნობია.

„ახლა სამუშაოები არაფერი არ მიმდინარეობს, გზა იმ ჩიჩხიტურის, აზერბაიჯანის მხრიდან ამოსასვლელი რაც არის, კიბე, გაკეთებული ჩიჩხიტურზე, რომელზეც აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ამოდიან, იქამდე გზა მიყვანილია. ფაქტობრივად, დარჩელია 50 მეტრი, მიახლოებით. უკვე სამუშაოებს მორჩნენ, ახლახან მორჩნენ, ერთი საათია, რაც მორჩნენ მუშაობას, გზა მიიყვანეს ბოლომდე. ზუსტად მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, აქ უკვე ტექნიკა, ბულდოზერები მიმდინარეობდა, გზა გაჰყავდათ,“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა.

დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს. 

დღის ამბები