18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
მაღაროელების პროტესტი - ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველს პარლამენტში იბარებს

ჭიათურაში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო უმრავლესობიდან წასული ბექა ნაცვლიშვილი ეკონომიკის მინისტრს და „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებით მმართველს პარლამენტში იბარებს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მის მოთხოვნას ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატებიც“ იზიარებენ. ნაცვლიშვილი ჭიათურაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხები ეკონომიკის მინისტრმა უნდა გასცეს. 

„ჭიათურაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება, ეს არის საათების ამბავი, იმიტომ, რომ ადამიანები იქ შიმშილობენ. აქედან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა მოვიდეს ხვალ, ეს არ არის ჩემი მოთხოვნა მარტო, ამას უერთდება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი-სოციალ-დემოკრატები“. მან უნდა აგვიხსნას, თუ რამ გამოიწვია ჭიათურელების ასეთი უკიდურესი ფორმა პროტესტის. დღეს დავაყენებთ, გარდა ამისა, საკითხს, რომ მოვიდეს ეკონომიკის მინისტრი პარლამენტში. სამთავრობო სფეროში, მართლა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არ შეუქმნია არც ერთ დამსაქმებელს, ეს არის ბუნებრივი რესურსი საქართველოსი. ამიტომ, სწორედ ასეთი რესურსისგან მიღებული მოგება უნდა ნაწილდებოდეს ყველაზე უფრო სამართლიანად,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ჭიათურაში პროტესტმა მასშტაბური სახე მიიღო. მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სავაჭრო ობიექტები დაიხურა. გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურელები მხარდაჭერას უცხადებენ.

მაღაროელები მე-11 დღეა შიმშილობენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების ზრდას ითხოვენ. 

დღის ამბები