18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
აზერბაიჯანელი აქტივისტები ჩიჩხიტურის მონასტერზე აპირებენ ხვალ ამოსვლას და პროვოკაციის მოწყობას - დავით ქაცარავა

დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის მონასტრისკენ მიმავალი გზის ხელმეორედ გადაკეტვას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, დავით ქაცარავა ეხმაურება.

ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა დღეს ისევ ჩაკეტილია. კომპლექსის თავზე კი აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენი დაფრინავს და სიტუაციას ჰაერიდან აკონტროლებს.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა აზერბაიჯანული მხარის ექსპერტების ადგილზე ასვლას უკავშირდება.

„სამწუხარო რეალობა გაგვითენა დღეს, გუშინდელი სასიხარულო დღის შემდეგ. ბუნებრივია, ბედნიერები ვიყავით იმით, რომ გაიხსნა მთლიანად სამონასტრო კომპლექსი ჩიჩხიტურის ჩათვლით, რომელშიც 12 წელი ვერავინ ვერ ადიოდა, დღეს კვლავ დაკეტილი არის. ეს უკავშირდება, როგორც გვიხსნიან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩამოსული არის აზერბაიჯანული დელეგაცია უდაბნოს მონასტერთან და იქ უნდა გაიმართოს შეხვედრა, მაგრამ რატომ არის დაკეტილი ჩიჩხიტურის მონასტერი, სადაც, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ქვემოდან ვერ დავინახეთ ვერცერთი ქართველი მესაზღვრე, ეს ცოტა არ იყოს გაურკვეველია და კითხვებს აჩენს,“ - ამბობს ქაცარავა.

დავით ქაცარავა ასევე ელის პროვოკაციებს და ამბობს, რომ ხვალ აზერბაიჯანული მხარიდან იგეგმება აქტივისტების ასვლა ჩიჩხიტურის მონასტერზე.

„ჩვენი მოლოდინი კი ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არის ძალიან შემაშფოთებელი, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ ხვალ მინიმუმ ორი ავტობუსის შემადგენლობით ჩიჩხიტურის მხრიდან იმ გზაზე, რომელიც სპეციალურად ამისთვის გაუყვანა აზერბაიჯანულმა მხარემ და რაშიც ხელი არავის, სამწუხაროდ, არ შეუშლია, ზუსტად იქ აპირებენ ხვალ აქტივისტები ამოსვლას ჩიჩხიტურის მონასტერზე და პროვოკაციის მოწყობას,“ - განაცხადა ქაცარავამ.  

დღის ამბები