18 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
ქვეყანაში გვრჩება სისტემური პრობლემები - ოპოზიცია ომბუდსმენის ანგარიშზე საუბრობს 

სახალხო დამცველის 450-გვერდიან ანგარიშს ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ომბუდსმენის ანგარიშმა ცხადყო, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია საქმეების გამოძიების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, გიორგი ტუღუში.

„ვხედავთ, რომ ქვეყანაში გვრჩება რამდენიმე მიმართულებით სისტემური პრობლემა, სადაც ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს უფლებების ჯეროვნად დაცვას. პირველ რიგში, გამოვყოფდი გამოძიების ნაწილს, პროკურატურის საქმიანობას, სხვადასხვა გახმაურებულ საქმეს, რომელიც ასახულია ამ ანგარიშში. ასევე, რა თქმა უნდა, სასამართლოში არსებული ვითარება, რაზეც ვსაუბრობთ უკვე ბოლო თვეებია, განსაკუთრებით აქტიურად,“ - განაცხადა ტუღუშმა.

ქურდული მენტალიტეტის გაძლიერებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველისგან მეტი ინფორმაციის მიღებას ითხოვს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი. მისივე თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში არ მოხვდა პოლიტიკური დევნის შემთხვევებიც.

„არაფორმალური მმართველობის და ზოგადად, ქურდული მენტალიტეტის გაძლიერების და არათანაბარი პირობების არსებობის შესაბამისად საპატიმროებში მაინტერესებს უფრო დეტალურად მოვისმინო სახალხო დამცველისგან ინფორმაცია ამაზე. ასევე, არის საქმეები, სადაც აშკარად იკვეთება პოლიტიკური დევნა, რომელიც არ არის მოხვედრილი სახალხო დამცველის ანგარიშში,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვედრილ გახმაურებულ საქმეებს, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობას, საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას არ იზიარებს. ის განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სუს-ის ხელმძღვანელისგან, ვახტანგ გომელაურისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები