23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ვითარება დავით გარეჯში - ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად, აქციას საქართველოს მოქალაქეებიც გამართავენ 

დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან აზერბაიჯანელი სამოქალაქო აქტივისტების პარალელურად, აქციას საქართველოს მოქალაქეებიც გამართავენ.

როგორც უკვე ცნობილია, ხვალ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს ჩიჩხიტურის კოშკზე ასვლას გეგმავენ აზერბაიჯანელი სტუდენტებიც.

ხვალ ადგილზე 5 ათასამდე ადამიანს ელოდებიან სხვადასხვა ეპარქიიდან. "კურიერის" ინფორმაციით, 9 ეპარქია მზად არის, რომ მრევლთან ერთად ჩამოვიდეს. გარდა ამისა, გიდებიც აპირებენ აქციის ორგანიზებას.

გიდი, ზვიად ანანიაშვილი ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მონასტერთან ასვლას სასულიერო პირებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტებიც შეეცდებიან.

„მსვლელობა იქნება ცალსახად მშვიდობიანი, ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე. ახლა, იმათი მხრიდან თუ რაღაც პროვოკაცია იქნება, ეს ალბათ, უფრო იმათი პრობლემა იქნება და არა ჩვენი. ჩვენ ჩვენი მხრიდან, მით უმეტეს, სასულიერო პირები იქნებიან და რაღაც პროვოკაციაზე საუბარი ზედმეტია. იქ უბრალოდ, მოხდება იმის დანახება, რომ ჩვენთვის გარეჯი არის ყველაფერი და სამშობლო არის,“ - ამბობს ზვიად ანანიაშვილი.

ჩიჩხიტურის მონასტრამდე მისასვლელი გზა ამ დროისთვის ისევ ჩაკეტილია. კომპლექსის თავზე დღეს რამდენჯერმე გამოჩნდა აზერბაიჯანული სამხედრო ვერტმფრენი. კოშკზე აღმართული საქართველოს დროშა კი ჩამოხსნეს. ჩიჩხიტურის კოშკთან დრონით გადაღებული კადრებიდან ჩანს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იმყოფებიან.

სადავო ტერიტორიაზე ამ წუთებში ორი ქვეყნის წარმომადგენლები მსჯელობენ. გარეჯში კვლავაც რჩებიან ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები.

დღის ამბები