18 მაისი 2024,   20:31
ვრცლად
მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩადით და ჩაერთეთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში - ვაშაძე მაღაროელების პროტესტს ეხმაურება

"ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ”ძალა ერთობაშია"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჭიათურაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. გიორგი ვაშაძე მაღაროელების პროტესტს და ქალაქში არსებულ ვითარებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. ვაშაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება პროცესებისგან გადგომას ცდილობს. 

გიორგი ვაშაძე ჭიათურაში შექმნილ ვითარებას უმძიმესს უწოდებს და ამბობს, რომ ეკოლოგიურობის მხრივ, ქალაქში ვითარება გაუარესებულია და ამის გამოსწორებისთვის არაფერი კეთდება.

„11 დღეა ადამიანები შიმშილობენ და დღეს უკვე ამ პროტესტს შეუერთდა მთელი ქალაქი. ამის საპირისპიროდ, ვისმენთ ხელისუფლების წარმომადგენლების სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს, თითქოს ისინი არაფერ შუაში არ არიან, თითქოს კომპანიამ უნდა მოაგვაროს ეს ყველაფერი თავის თანამშრომლებთან ერთად, თითქოს ხელისუფლების ფუნქცია ამ ვითარებაში არის ნული და უნდათ, რომ რაღაცნაირად გაუწიონ ამ პროცესისგან. როცა მატ ხმები სჭირდებოდათ საარჩევნოდ, ძალიან კარგად ჩაბრძანდნენ იქ ქართული ოცნების ლიდერები და დაპირებები გასცეს, რომ დღესვე დაიწყება პრობლემების მოგვარება ამ ადამიანებისთვისო. რა მივიღეთ? სამწუხაროდ, ისევ და ისევ მოტყუებული ჭიათურელები, მოტყუებული მაღაროელები და პროტესტის უკიდურესი ფორმა“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჭიათურაში ჩასვლისა და პრობლემების მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს. ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„მოვუწოდებ პირადად პრემიერ მინისტრს, ბატონ ბახტაძეს, რომ თავიდან ნუ კი ირიდებით ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, ჩადით, დაინტერესდით და ჩართეთ ამ პრობლემების გადაწყვეტაში“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ ყოველგვარი კონკურსის გარეშე და პროცედურების დარღვევით, ნიკა ჩიქოვანი მაღაროს დირექტორის პოსტზე დანიშნა.

 

დღის ამბები