24 აპრილი 2024,   23:16
ვრცლად
ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ - დაპირისპირება ოხანაშვილსა და ბესელიას შორის კომიტეტის სხდომაზე

„ქუჩურად ნუ ლაპარაკობთ ბატონო გიგა და "ბიჭო" მიმართეთ ვისთვისაც მიგიმართავთ, როგორ იქცევით მართლა,“ - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "ევროპული საქართველოს" წევრს, გიგა ბოკერიას.

სხდომაზე დაპირისპირება „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მოჰყვა, რომელიც იუსტიციის საბჭოში დამტკიცებული სამი არამოსამართლე წევრის უკან გაწვევას შეეხებოდა.

ბოკერას თქმით, დღევანდელი მმართველი გუნდის წევრებს მუდმივად უნდათ, რომ ძალაუფლებაში იყვნენ. ვანო ზარდიაშვილმა კი გირგვლიანის საქმე მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ გირგვლიანი სისტემამ მოკლა.

"შენ იყაცვი პატარა ჭანჭიკი და ახლაც ეგ ხარ," - მიმართა ბოკერიამ ვანო ზარდიაშვილს.

დაპირისპირების დროს ანრი ოხანაშვილმა გიგა ბოკერიას განცხადებები გააკრიტიკა. 

„ბატონო გიგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენი აქ მოსვლა განპირობებული იყო ერთი მთავარი არგუმენტით, რომ სამართლებრივ საკითხებში იყავით ძალიან სუსტად და აქეთ მოგვთხოვეთ თურმე, ჩვენ უნდა გვეთქვა და აგვეხსნა თქვენთვის, არაჯეროვანი შესრულება რას ნიშნავს. ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ხართ ამ თვალსაზრისით, რომ ვერ ენდობით კომიტეტში თქვენს იმ წევრებს, რომლებსაც საკითხი უნდა წარმოედგინათ და მოხვედით აქ იმისთვის, რომ თქვენი სუბიექტური ინტერესი გაგეტარებინათ,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

სხდომაზე იმყოფებოდა ასევე შალვა შავგულიძე, რომელმაც „ოცნების“ წევრების განცხადებები გააკრიტიკა.

„გაქვთ დავალება და ვალდებულება, რომ ეს წინადადება არ უნდა მიიღოთ, გადაგყავთ თემა რაღაც პოლიტიკურ შეკითხვებზე, არის თუ არა მავანი პოლიტიკური პატიმარი და ა.შ. ეს მიუთითებს ზუსტად იმ სამწუხარო ფაქტზე, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს დანაშაულებრივი გარიგება იუსტიციის საბჭოს იმ კლანთან,“ – აღნიშნა შავგულიძემ.

ამაზე პასუხად კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა მიმართა კითხვით შავგულიძეს, რომ დაეკონკრეტებინა, რას ფიქრობს, არის თუ არა ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი.

„რატომ განერვიულდით. პასუხი გაგვეცით, არის თუ არა პოლიტპატიმარი ვანო მერაბიშვილი. ქალბატონი ელენე თვლის, რომ პოლიტპატიმარია, ბატონი გიგა თვლის პოლიტპატიმარია, თქვენ როგორ თვლით,“ - აღნიშნა მათიკაშვილმა და დაამატა, რომ „არ არის პოლიტპატიმარი ბაჩო ახალაია, არც მურუსიძე არ არის.“

დაპირისპირება ოხანაშვილსა და ეკა ბესელიას შორსაც მოხდა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიას კრიტიკასაც უპასუხა - „ნუ მისტირით ქალბატონო ეკა ამ სკამს, შემიძლია გაჩუქოთ ეს სკამი... გაჩუქებთ ამ სკამს, შეგიძლიათ წაიღოთ სახლში.“

ბესელიამ კი ოხანაშვილს ამ სიტყვებით უპასუხა - "ძალიან საცოდავი ხარ, კაცუნა ხარ, პატარა კაცუნა ხარ".

დღის ამბები