19 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
პარალიზებული ქალაქი და ჭიათურელების მასშტაბური პროტესტი - 13-დღიანი გაფიცვა შეთანხმებით დასრულდა

13-დღიანი პროტესტი დასრულებულია - ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან შეთანხმება მიღწეულია. ისინი 1-ლი ივნისიდან ხელფასის 25%-იან ზრდას დათანხმდნენ. წლის გამავლობაში კი მათი ანაზღაურება კიდევ 10%-ით გაიზრდება. მაღაროელები მუშაობას ხვალიდან განაახლებენ. 

პროტესტის შეწყვეტას წინ უძღოდა 13-დღიანი შიმშილობა და დღევანდელი მასშტაბური აქცია, რომელშიც მთელი ქალაქი მონაწილეობდა. დღეს რამდენიმე მაღაროელს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

მსვლელობით და შეძახილებით ათასობით ადამიანმა მაღაროელების ქალაქში ჩაირა. აქციას სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და პედაგოგები შეუერთდნენ. მაღაროელების ქალაქში სასწავლო პროცესი შეწყდა.

სკოლებთან ერთად ჭიათურაში დღეს არც მაღაზიებს და არც სხვა საზოგადოებრივ ობიექტებს უმუშავია. ადგილობრივებმა მაღაროელებს სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს.

ყველაზე ფართომასშტაბიანი მსვლელობიდან რამდენიმე საათში, ჭიათურ-მანგანუმის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, გენერალური დირექტორი გადაეყენებინა.

პრემიერ-მინისტრმა კი ჭიათურელ მაღაროელების და ჯორჯიან მანგანეზის მოლაპარაკებაში ჩართვა ეკონომიკის მინისტრს მხოლოდ დღეს დაავალა. აქამდე მთავრობის წევრები აცხადებდნენ, რომ აქციის მონაწილეებს და კომპანიას ერთმანეთში უნდა ელაპარაკათ, თუმცა ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

დღის ამბები