18 მაისი 2024,   15:30
ვრცლად
„მთავარი მიზეზი, რამაც ეს გამოიწვია არის ეკონომიკური სიდუხჭირე" - ოპოზიცია მაღაროელების პროტესტზე საუბრობს 

ჭიათურაში მაღაროელების რამდენიმე დღიან შიმშილობას, დეპუტატები ეხმაურებიან. განცხადებები დღეს საკანონმდებლო ორგანოში გაკეთდა. ოპოზიციის წევრებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს.

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მთავრობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აეღო იმისთვის, რომ ადამიანები პროტესტის უკიდურეს ზომამდე არ მიეყვანა. 

„არ არის სავალდებულო, ქუჩაში გამოვიდნენ სკოლის მოსწავლეები და მაშინ გაიგონოს ხელისუფლებამ ან იმ ადამიანებმა ხმა, ვისაც უნდა ესმოდეს, ვიდრე 11 დღე იშიმშილებენ მაღაროელები. მართლაც არის კარგად გადასახედი სახელმწიფოს მხრიდან დანიშნული დროებითი მმართველი მისი საქმიანობით ზიანს რომ აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს და ზიანს რო აყენებს ბევრ სხვა რამეს, რასაც უნდა იცავდეს შესაბამისი სტრუქტურები“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ჭიათურაში შექმნილი კრიზისის სათავე საქართველოს მთავრობაა.

„სამი წლის განმავლობაში, ჭიათურა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ფაქტობრივად, გადაეცა მთავრობის მიერ დანიშნულ თაღლითებს და სამი წელია, ძარცვავს და ნაღებს უღებს ეს ჯგუფი,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ჭიათურაში შექმნილი კრიზისი შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, კრიზისი ქვეყანაში არსებულმა მძიმე ეკონომიკურმა ვითარებამ გამოიწვია.

„მთავარი მიზეზი, რამაც ეს გამოიწვია, არის ის ეკონომიკური სიდუხჭირე და მძიმე მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში და მათ შორის არის ბუნებრივია ჭიათურაშიც. ეს არის გაზრდილი ფასები საწვავზე და პროდუქტებზე. ადამიანები უბრალოდ ვეღარ ყიდულობენ ელემენტარულ ცხოვრებისთვის აუცილებელ პროდუქტებს“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები