18 მაისი 2024,   17:38
ვრცლად
ბაქოში გაკეთებული განცხადებები და დაძაბულობა გარეჯში - კონსტიტუციის შესაძლო დარღვევის გამო, პრეზიდენტი იმპიჩმენტის ზღვარზეა

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის ზღვარზეა. არღვევს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას და არის თუ არა შეთანხმებული მთავრობის მეთაურთან ის განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი საერთაშორისო მოლაპარაკების დროს აკეთებს და რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს ეხება. ეს ის კითხვებია, რომელსაც კონსტიტუციონალისტები სვამენ. მათ შორის სპეციალისტები ინტერესდებიან იცოდა თუ არა მამუკა ბახტაძემ, იმ განცხადებების შინაარსი, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი დავით გარეჯში გააკეთა და რამაც ვითარება სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, უკიდურესად დაძაბა. თუ არა - ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ეს კი შესაძლოა მისი იმპიჩმენტის დაწყების საფუძველი გახდეს.

„ის განცხადებები, რომელიც გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, რომ მან დასვა საკითხი აზერბაიჯანში ყოფნის პერიოდში საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით, უნდა განვსაზღვროთ იყო ამ ტიპის მოლაპარაკებები შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, იყო ეს საქართველოს მთავრობის პოლიტიკის ნაწილი თუ არა. თუ ეს ასე არ იყო, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება ანუ მან კონსტიტუციის გვერდის ავლით გადადგა ნაბიჯები ანუ მან დაარღვია კონსტიტუცია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ საქართველოს პრეზიდენტი დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას ან მის ქმედებაში შეინიშნება დანაშაულის ნიშნები მაშინ  პარლამენტმა უნდა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი,“-განაცხადა საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა კოტე ჩოკორაიამ

პრეზიდენტის უფლებამოსილებას კონსტიტუციის 52-ე მუხლი განსაზღვრავს, სადაც წერია რომ საქარველოს პირველი პირი მთავრობასთან თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში და აწარმოებს მოლაპარაკებებს. სწორედ ამ ნორმის დარღვევას შეიძლება ჰქონდეს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან. 

დღის ამბები