18 მაისი 2024,   11:32
ვრცლად
ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. მთავარი განსახილველი თემა ორგანიზაციის მომავალი ხელმძღვანელების შერჩევის საკითხი იყო. გერმანია და საფრანგეთი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატზე ვერ თანხმდებიან.

შეერთებულ შტატებში დიდი ინტერესით აკვირდებიან, თუ როგორი პოლიტიკური სურათი შეიქმნება ევროპაში, პარლამენტის არჩევნების შემდეგ და ვინ დაიკავებს ბრიუსელში მთავარ თანამდებობებს. წინასწარი გამოკითხვები გამართლდა იმ ნაწილში, რომ პოპულისტ და ევროსკეპტიკოსთა დიდი უმრავლესობა არ იქნებოდა, თუმცა უმსხვილესი ბლოკების დაღმასვლის შემდეგ, შედარებით დანაწევრებულ პროევროპული კოალიციის მხარეებს, უმაღლეს პოსტებზე შეთანხმება უფრო რთული მოლაპარაკებით უწევთ. ამ მოლაპარაკებების სირთულემ კი უკვე იჩინა თავი ბერლინს და პარიზს შორის, როდესაც საქმე ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე მიდგა.

„დღეს შეგნებულად არ გვისაუბრია პიროვნებებზე. მე ასევე მქონდა ორმხრივი შეხვედრა ემანუელ მაკრონთან. საიდუმლო არ არის, რომ ის არ არის "შპიცენკანდიდატის" იდეის მომხრე. გერმანიის ფედერალური მთავრობა "შპიცენკანდიდატის" სისტემის ერთგული რჩება. თუმცა, პარტიებს, რომლებიც კოალიციას წარმოადგენენ, განსხვავებული შეხედულებები აქვთ, თუ რომელი მთავარი კანდიდატი იქნება უკეთესი,”-განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

გერმანიას, კომისიის პრეზიდენტის პოსტზე, ვებერის კანდიდატურა სურს, რომელიც პარლამენტში ევროპის სახალხო პარტიას ხელმძღვანელობს. ევროპის პარლამენტის ვაშინგტონის ოფისის დირექტორი ანტუან რიპოლი მიიჩნევს, რომ საინტერესო პროცესი იწყება, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტის კანდიდატურაზე შეთანხმება უკვე სერიოზულ მოლაპარაკებებს მოითხოვს.

შეერთებულ შტატებში ამბობენ, რომ პარლამენტის არჩევნების შემდეგ ძირითადი სურათი უსაფრთხოების და გამოწვევების თვალსაზრისით ევროპაში არ შეიცვლება. ევროპული პოლიტიკა უცვლელი დარჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევასთან, რუსეთთან დაკავშირებით და გააგრძელებს შეერთებული შტატების გვერდით დგომას სანქციების პოლიტიკაშიც.

დღის ამბები