23 დეკემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ლარი ისტორიულ მინიმუმზე - ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება სამომხმარებლო ბაზარზე უკვე აისახა 

ლარმა არსებობის 24 წლიანი ისტორიის ანტირეკორდი დღეს კიდევ ერთხელ მოხსნა. ეროვნული ვალუტა ბოლო 24 საათის განმავლობაში თეთრ-ნახევრით გაუფასურდა და ცენტრალური ბანკის კურსით, ერთი ამერიკული დოლარის შესაძენად ახლა 2 ლარი და 80 თეთრია საჭირო. თუმცა კომერციული ბანკები 1 აშშ დოლარს 2 ლარად და 84 თეთრად ყიდიან.

გაუფასურებული ლარი პირდაპირ აისახება ფასებზე. იმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ გაკოტრების პირას მივიდა, რადგან კურსთაშორის სხვაობამ დიდი დარტყმა მიაყენა და მათ ბიზნესს, ფასების გაძვირებაც კი ვერ გადაარჩენს.

გაუფასურებული ლარი ამავე კვირაში აისახება წამლის ფასებსა და საწვავზე. მედიკამენტების ფასი, რომელიც ყოველთვიურად ძვირდება, სავარაუდოდ კიდევ უფრო გაიზრდება. უკვე დაანონსდა საწვავის ფასის ზრდა. ბენზინი საქართველოში რეკორდულ ნიშნულზეა, თუმცა ნავთობპროდუქტების იმპორტიორები ამბობენ, რომ არსებულ ფასს ვერ შეინარჩუნებენ და საწვავის გაძვირება მოუწევთ.

ლარი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 10 თეთრით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვების გაყიდვას და გაუფასურების შეჩერებას არ ჩქარობს. კურსის ვარდნაზე ქვეყნის მთავარი ბანკირი პასუხისმგებლობას ირიდებს და ამბობს, რომ ყველაფერი საგარეო ფაქტორების ბრალია.

ლარის უპრეცედენტო გაუფასურების ფონზე ქვეყნის მთავარი ბანკირის მიერ გაკეთებული განცხადება დღეს საკანონმდებლო ორგანოში გააკრიტიკეს. ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები თვლიან, რომ ლარის გამო ქვეყნის ეკონომიკა საფრთხეშია. მმართველ გუნდში კი ისევ მშვიდად არიან და პრობლემის მოსაგვარებლად ხელოვნური ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავენ.

 

დღის ამბები