14 მაისი 2024,   00:04
ვრცლად
ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა - ოპოზიცია ანაკლიის პროექტის დაკონსერვების საფრთხეებზე საუბრობს

ეკონომიკის სამინისტროს მიერ, ანაკლიის კონსორციუმისთვის ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის დამალვას, ოპოზიცია ანაკლიის პორტის საწინააღმდეგოდ განხორციელებულ ქმედებად მიიჩნევს. მათი განმარტებით, ფოთის პორტის მშენებლობა ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლის კუთხითაც დიდ პრობლემებს შექმნის. ასევე ხელი შეეწყობა ანაკლიის პორტის საბოლოოდ დაკონსერვებას.

"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შექმნა არის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, რომლის ჩაძირვა აწყობს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტერს. თუ ფოთის პორტი გამოიკვეთა უკვე, როგორც კონკურენტი პროექტი ანაკლიისა, ეს იქნება იმის დასტური, რომ ხელისუფლება აპირებს, რომ როგორც მინიმუმ დააკონსერვოს გაურკვეველი დროით ანაკლიის პროექტი და საბოლოო ჯამში დაასამაროს,"-აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

მმართველი გუნდის ყოფილი წევრი, დავით ჭიჭინაძე ოპოზიციის აზრს სრულად იზიარებს და ამბობს, რომ ფოთის პორტის მშენებლობა ნამდვილად აჩენს კითხვებს ანაკლიის პორტის პერსპექტივებზე. 

"შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ პორტის განვითარება ხდება ანაკლიის პორტის ჯინაზე. იმ მოლაპარაკებების ფონზე, როდესაც მთავრობა იძახდა, რომ აუცილებლად აშენდება, არ ვიცი ვინ იქნება მაშინ პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხების უკან დაბრუნებაზე. ვფიქრობ ეს კიდევ ერთხელ პოტენციალს ანაკლიის პორტისას გააფუჭებს და ამიტომ ინვესტორების შემოსვლა და მათი ინტერესი, საკმაოდ პრობლემური გახდება,"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდმა მიზანმიმართული დარტყმა მიაყენა ანაკლიის პროექტს.

"მე ვიცი ის, რაც იცის ყველამ საჯაროდ, რომ ივანიშვილის გუნდმა, პროკურატურამ, ეროვნულმა ბანკმა სამწუხაროდ მიზანმიმართული ზიანი მიაყენა კონკრეტულ კომერციულ მოთამაშეს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და ამან რა თქმა უნდა ანაკლიის პორტსაც დარტყმა მიაყენა. ამის იქით რა ხდება, მე არ ვიცი, თუმცა ის სურათი, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია, საკმარისია ამ მძიმე განაჩენის გამოსატანად,"-აცხადებს გიგა ბოკერია. 

უმრავლესობაში კი განმარტავენ რომ ფოთის პორტის მშენებლობით პრიორიტეტები არ იცვლება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელისუფლებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია.

"არ ვთვლი მე, რომ ეს ეჭვების გაჩენის საფუძველს იძლევა, ფოთის შემთხვევაში განვითარება უნდა მოხდეს იქ იმ ინფრასტრუქტურის, რაზეც საუბარია. ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობა ცდილობს მაქსიმალურად დააზუსტოს პერსპექტივები ანაკლიის პორტის. პასუხი იამზე ნიშნავს თუ არა ეს რაღაცა პრიორიტეტების ცვლილებას, ჩემი პასუხი არის რომ არ ნიშნავს," - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია.

დღის ამბები