13 მაისი 2024,   05:03
ვრცლად
მთავრობამ უკან დაიხია, წარმოუდგენელია ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს - რომან გოცირიძე 

მთავრობამ უკან დაიხია - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე, ეკონომიკის მინისტრის მიერ, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვის გაუქმებას. 

მისი თქმით, უხეშად გამოუვიდათ ანაკლიის პორტის ჩაგდება და მიხვდნენ, რომ ამას საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვებოდა. გოცირიძე ამბობს, რომ დაუჯერებელია მინისტრის განმარტება, თითქოს მან ფოთის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტის გაცემის შესახებ არაფერი იცოდა.

„ძალიან უხეშად გამოუვიდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდება. მას მოჰყვებოდა ძალიან დიდი და საერთაშორისო რეზონანსი. წარმოუდგენელია რომ ერთი თვის წინ გაცემული დოკუმენტი არ სცოდნოდა მინისტრს და ვინმეს მთავრობაში. ანაკლიის პროექტის ჩაგდება იყო ამ მექანიზმით გათვალისწინებული. არავითარი პორტი ფოთში არ აშენდებოდა, ანაკლიის პორტი დაწყებულია და ორ წელიწადში დასრულდება თუ მთავრობამ ხელი არ შეუშალა, ხოლო ფოთის ახალი პორტის მშენებლობას დასჭირდებოდა მრავალი წელი,“-აცხადებს გოცირიძე.

რომან გოცირიძე მოუწოდებს მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, რომ განუმარტოს საზოგადოებას რა მოხდა რეალურად და რატომ იქცა ის განტევების ვაცად.

შეგახსენებთ, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

დღის ამბები