17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
საცობი ვაკეში - ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილია

ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვამ ვაკეში საცობები შექმნა. ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მოძრაობა ღამის 12:00 საათიდან აიკრძალა. მიზეზი გამზირის სრული რეაბილიტაციაა, სამუშაოები 6 თვე გაგრძელდება. გადაკეტილი ჭავჭავაძის გამო დილიდან განსკუთრებით რთული ვითარება შეიქმნა ფალიაშვილსა და ახალ გზაზე, სადაც შეზღუდულია მოძრაობა.

თუმცა ამ დროისთვის შეფერხებების მიუხედავად, მოძრაობა შედარებით გახსნილია მელიქიშვილის გამზირსა და ვარაზის ხევზე.

მძღოლების თქმით, მთავარი პრობლემაა, რომ მათ არ იციან, თუ რა გზით უნდა იარონ იმ პერიოდში, როდესაც ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტილი იქნება. 

ჭავჭავაძის გამზირზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო. ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. დაწყებულია ასფალტის საფარის აყრა. ჭავჭავაძის გამზირზე თბილისის მერი მივიდა. კახა კალაძის თქმით, ვარაზისხევიდან ატენის ქუჩამდე რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე სამთვიანი ვადაა აღებული, თუმცა მერის განცხადებით, შესაძლოა, ეს დრო მიმდინარე სამუშაოებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდეს.

„მოძრაობა გადაიკეტა ვარაზისხევის ამოსასვლელიდან ატენის ქუჩამდე შეზღუდული არის და არის ალტერნატიული მარშრუტი, სადაც აქვთ შესაძლებლობა კეკელიძის ქუჩის გავლით მძღოლებს გადაადგილების. პირველი ეტაპი ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მათი გამოცვლა, რეაბილიტაცია, განახლება. მე მესმის, რომ არის გარკვეული დისკომფორტი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო დედაქალაქის მოსახლეობას, თუმცა მე მგონი, ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ ასეთი პროექტების და შეზღუდვების გარეშე შეუძლებელია რეაბილიტაციის და სამუშაოების წარმოება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

კომუნიკაციების სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტება GWP-ის წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა. მათ თქმით, წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით მასშტაბური შეზღუდვა ამ ეტაპზე არ იგეგმება. კომპანიის დირექტორის განცხადებით, გეგმიური შეზღუდვების შემთხვევაში კი მოსახლეობას წინასწარ ეცნობება.

„GWP-ს მხრიდან უკვე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გამოცვლის სამუშაოები დაიწყება 2 ივნისს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ასეთი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის არსებობის ისტორიაში არასდროს არ მომხდარა. პირველ რიგში პირველი ეტაპის სამუშაოების არის უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ატენის ქუჩამდე. წყალმომარაგების თვალსაზრისით მასიურად შეზღუდვები არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ შეიცვლება მილები და მხოლოდ და მხოლოდ შემდგომ მოხდება გადაერთების სამუშაოები,“ - განაცხადა კომპანია ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები