17 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ასი ათასობით ლარი შეიჭამა პირდაპირი მნიშვნელობით - ხაბეიშვილი თბილისის მერიას ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს

760 000 ლარამდე გადახდილი თანხა და შეუსრულებელი სამუშაოები - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიას ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.  ხაბეიშვილი იმ პროექტზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ბუშის ქუჩაზე გამწვანება უნდა მოწყობილიყო. პროექტი  2019 წლის მარტის ბოლომდე უნდა ჩაბარებულიყო, თუმცა ამ დრომდე ტერიტორიაზე სამუშაოები არ ჩატარებულა.

„ ეს არის კლასიკური მაგალითი როგორ მუშაობს კალაძე. კარგად პოზიორობს, კარგად კითხულობს დაწერილს, კარგ ფოტოებს იღებს, კარგ ბანერებს გამოკიდებს ხოლმე, თუმცა მერე მოვდივართ ადგილზე და ვხედავთ, რომ ასი ათასობით ლარი, ჩემი, თქვენი და მაყურებლის ფული შეიჭამა პირდაპირი მნიშვნელობით. აი, ახლა ამ ობიექტზე, სადაც ვდგავარ კონკრეტული ადამიანები უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში, მათ შორის ის ხალხი ვინც არის დოკუმენტზე ხელის მომწერი როგორც გაცემის ამ თანხის, ისე მიღება-ჩაბარების,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

ოპოზიციის ბრალდებებს ქალაქის მერი გამოეხმაურა. კალაძის განმარტებით, კომპანია, რომელსაც აღნიშნული ობიექტის გამწვანება ჰქონდა დავალებული, არაკეთილსინდისიერი მუშაობისთვის გააძევეს, ხოლო გადაირიცხა მხოლოდ ის თანხა, რისი სამუშაოებიც იქნა შესრულებული.

„ამ ადამიანის ძირითადი მიმართულება არის ისაუბროს ტყუილზე, ისაუბროს სიცრუეზე. კომპანია ჩვენ გავაძევეთ, იმიტომ, რომ არა ჯეროვნად, არაკეთილსინდისიერად იქცეოდა, არ აკეთებდა იმას, რაც ჰქონდა გასაკეთებელი. თანხებს რაც შეეხება, მათ აქვთ გადარიცხული მხოლოდ და მხოლოდ ის თანხები, რისი სამუშაოებიც იქნა შესრულებული. ჩვენ გვყავს ახლა ახალი კომპანია, რომელიც ამ კონკრეტულ პროექტს აუცილებლად დაასრულებს,“- განაცხადა კალაძემ.  

დღის ამბები