18 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
კლასგარეშე შეკითხვების ფორმატს არ ითვალისწინებს, სამწუხაროდ ინტერპელაცია - მამუკა მდინარაძე ოპოზიციას პასუხობს

პრემიერის ინტერპელაციით დაბარებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას აკრიტიკებს იმ განზრახვის გამო, რომ მათ სურთ, მამუკა ბახტაძეს იმაზე მეტი კითხვით მიმართონ, ვიდრე ამას ინტერპელაციის წესი ითვალისწინებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციას არცერთი მათ მიერ დასახელებული საკითხი რეალურად არ ადარდებთ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებების გაკეთების მოტივი ამოძრავებთ.

„ინტერპელაციას აქვს თავის წესი და ამ წესიდან ვერ ამოვარდებით ვერცერთ შემთხვევაში. თვითონ რაც გააკეთეს, ახლა იმას გვაბრალებენ ჩვენ. ძალიან გთხოვთ, დაინტერესდით და ჰკითხეთ, რამდენი შეკითხვა ჩასვეს და რა მიმართულებების, სხვადასხვა მიმართულების, თან ერთ ინტერპელაციაში და როგორ გაყვეს რეალურად მათ დრო, რომ არცერთ საკითხზე რეალური მსჯელობა არ იყოს და იყოს მხოლოდ და მხოლოდ, განცხადებები, ტყუილები, რომელსაც ვისმენთ, შეფასებები ამ ტყუილებში, თორემ მათ, რომ რომელიმე აინტერესებდეთ რეალურად, ჩაწერდნენ ერთ ან ორ კითხვას ინტერპელაციაში. კლასგარეშე შეკითხვების ფორმატს არ ითვალისწინებს, სამწუხაროდ, ინტერპელაცია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიცია ხვალ პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენას გეგმავს. პრემიერ-მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დაზუსტების საკითხზე, ახალ საბანკო რეგულაციებზე, “თიბისი“ ბანკის საქმეზე. გარდა ამისა, ფრაქცია “ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ საინტერპელაციო კითხვა ეხება საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობასა და დასაქმებული პირების რიცხოვნობას.

პარლამენტში გარდა პრემიერისა, ინტერპელაციის წესით არიან დაბარებულები ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

დღის ამბები