20 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის ყოფილ მერს და მაღალჩინოსნებს ბრალი წარუდგინეს

კორუფციული სკანდალი აჭარაში - ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის დადგენილება ოფიციალურად გააცნეს გიორგი ერმაკოვს. ბათუმის ყოფილ მერს, აჭარის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ბათუმის მერიის ქონების სამსახურის ხელმძღვანელს, გოგა ლომაძეს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ბათუმის მერიის დაკავებულ კიდევ ოთხ თანამშრომელს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ადვოკატების თქმით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. მათი თქმით, „კონვენტ ჯორჯიამ“ ტენდერი კანონის სრული დაცვით მოიგო და აზერბაიჯანულ კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

სამართალდამცველებმა გუშინ ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და 6 მაღალჩინოსანი დააკავეს. საქმე 2015 წელს მერიის სოციალური პროექტის „იაფი სახლის“ ტენდერს ეხება. გამოძიების ინფორმაციით, ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა 4 მილიონ ლარად შეფასებულ ტენდერში აზერბაიჯანულ კომპანია „კონვენტ ჯორჯიას“ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე გაამარჯვებინეს. 

დღის ამბები