27 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
არასდროს დავბრუნდები საქართველოში - კარვების ქუჩა სტრასბურგში "კურიერმა" გადაიღო

კარვების ქუჩა სტრასბურგში - „კურიერმა“ მონპელიეს შემდეგ ემიგრანტების კიდევ ერთი თავშესაფარი გადაიღო. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოდან წასული ემიგრანტები თავს კარვებს, მანქანებსა და საავადმყოფოს დერეფნებს მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად აფარებენ.

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ სტრასბურგში 25 ათასზე მეტი ქართველია, ბევრ მათგანს საბუთები და საცხოვრებელი ამ დრომდე არ გააჩნია.

კარვები, ძირითადად, ქალაქის შემოგარენშია. ქართველები ამბობენ, რომ 15 ოჯახზე მეტი, ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა ერთ-ერთი საავადმყოფოს კორიდორში და ადგილობრივმა პრესამ ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი სტატიაც გამოაქვეყნა.

ემიგრანტები შიშობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი საფრანგეთმა მათ თავშესაფარი არ მისცა, მათ მოუწევთ საქართველოში დაბრუნება და ისინი ფიქრობენ, რომ ამ შემთხვევაში, მათ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეექმნათ.

უიმედობა, გაჭირვება და ჯანმრთელობის პრობლემები ქართველებს იძულებულს ხდის ქვეყანა დაატოვონ.

„ვცხოვრობდით საავადმყოფოში კიბის ქვეშ, ურთულესი გზა იყო. 15 ოჯახი პატარა ბავშვებით, ინვალიდი ბავშვებით. იყვნენ ახალი ჩამოსულები უმძიმეს სიტუაციაში, 20 დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ, პირდაპირ მეტლახზე იყო ადიელები გაფენილი. მე არასდროს არ დავბრუნდები საქართველოში. იმიტომ, რომ პერსპექტივას ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

ემიგრანტების თქმით, თავშესაფარზე უარის თქმის შემთხვევაში, ქართველების უმრავლესობა სამშობლოში არ დაბრუნდება და თავშესაფრის საძებნელად ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანებში გადავლენ.

დღის ამბები