21 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა - IDFI-ის კვლევა 

შვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში, 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა - ამის შესახებ ინფორმაციას, IDFI ავრცელებს. კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ ჩაატარა ირკვევა, რომ საწვავზე 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი ხარჯი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორებმა გაწიეს.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, მათ იმდენი ბენზინი აითვისეს, რომ ამ რაოდენობით დედამიწას დაახლოებით სამჯერ შემოუვლიდნენ.

IDFI-ის მიერ გასაჯაროებული კვლევის მიხედვით ასევე ირკვევა, რომ გუბერნატორების ადმინისტრაციები ძვირადღირებული ავტომობილებით სარგებლობენ. მათ ავტომობილებს ან ჩუქნიან ან დროებით სარგებლობაში აძლევენ. ეს პროცესი კი გაუმჭვირვალეა.

„ორ წელში, დაახლოებით 130 ათასი ლიტრი საწვავია მოხმარებული 7 გუბერნატორის მიერ, ისინი ყოველწლიურად ამ მოცემულობით გადიოდნენ 50 ათას კილომეტრს, რაც ნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურად უნდა გაევლოთ 150-დან 200 კილომეტრამდე, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვებს. ყველა გუბერნატორს ემსახურება ლენდკრუიზერის მარკის ავტომობილი, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში უსასყიდლოდ არის მიღებული. ესეც ერთგვარი პრობლემაა ამ ავტოპარკის გამჭვირვალე განკარგვის თვალსაზრისით,“-აცხადებს IDFI-ის  სოციალურ-ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი გოგა თუშურაშვილი.

დღის ამბები