23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
ელექტროენერგიიდან არ არის გამოსული და ამიტომ არის საფიქრალი საიდან გაჩნდა ცეცხლი - ლაურა ღაჭავა

ჩაინა ლილო სითის” მეპატრონე, ლაურა ღაჭავასთვის გაუგებარია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. მისი თქმით, ელექტროსისტემა ბაზრობაზე სრულიად გამართული იყო და უსაფრთხოების ზომებსაც განსაკუთრებულად იცავდნენ.

ღაჭავა ამბობს, რომ ვიდრე არსებულ ვითარებაში არ გაერკვევა, დივერსიაზე ან ხანძრის შესაძლო მიზანმიმართულ გაჩენაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა მფლობელები ცეცხლის ელექტოროსადენებიდან გაჩენას გამორიცხავენ და გამოძიების შედეგებს ელოდებიან.

“არ ვარ გარკვეული ამ სიტუაციაში, რაც შეეხება დივერსიას ეს ძალიან შორს არის, არ მიმაჩნია სწორად, ვინ თქვა არ ვიცი. მიზანმიმართულად - ამის თქმა ძალიან ძნელია და ვერ გეტყვით წინასწარ. დაზღვეულია ობიექტები. რაც მთავარია ელექტროენერგიიდან არ არის გამოსული და ამიტომ არის საფიქრალი საიდან გაჩნდა. მოწესრიგებული იყო და საღამოს ყველაფერი ქრება, აქ არ არის ჩართული და ამიტომ საიდან გაჩნდა ცეცხლი ეს არის საინტერესო,“ - ამბობს ღაჭავა.

ბიზნესმენ, დავით კოდუას განცხადებით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში ბაზრობებზე ხანძრის გაჩენა გახშირდა, მათ შესაბამისი ზომები მიიღეს, დააზღვიეს კუთვნილი ტერიტორია და ასევე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. შესაბამისად, მისთვისაც გაურკვეველია, რას უნდა გამოეწვია ხანძარი. 

"ჩაინა ლილო სითიში" ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.

ადგილზე მობილიზებული იყო 17 ავტოცისტერნა. ტერიტორიაზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები