19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
"მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს" - პედაგოგებს წილხვდომილობაზე ლექცია ჩაუტარეს

პედაგოგებს წილხვდომილობის შესახებ ლექცია ჩაუტარეს. რამდენიმე ასეული მასწავლებელი სხვადასხვა რეგიონში საგანგებოდ და იძულებით იმისთვის ჩაიყვანეს, რომ მათ თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის ლექცია წილხვდომილობის შესახებ მოესმინათ. იძულებით ლექციას პედაგოგების პროტესტი მოჰყვა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პედაგოგებმა სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შინაარსის წერილები გამოაქვეყნეს, სადაც წერენ, რომ ლექციებზე მოტყუებით წაიყვანეს. როგორც მასწავლებლები წერენ, მათ განუცხადეს, რომ სავალდებულო იყო სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დასწრება. 

„დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო - "სამინისტროს დავალებაა". ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, რომ ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80%, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა.

"მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე. განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის, რომ ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არც ერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან,” - წერია ერთ-ერთი პედაგოგი სოციალურ ქსელში.

მასწავლებლებს შორის იყვნენ მუსლიმი აღმსარებლობის პედაგოგები, რომელთაც არც კი იცოდნენ, რა თემატიკის ლექციაზე მიჰყავდათ ისინი სკოლიდან. 

სოციალურ ქსელში, პედაგოგები წერენ, რომ ისინი მსგავსი თემატიკის ლექციების წინააღმდეგი არ არიან, თუმცა სხვადასხვა აღმსარებლობის მასწავლებლებს უნდა ჰქონოდათ უფლება, მათთვის აეხსნათ, თუ სად მიდიოდნენ. პედაგოგების ნაწილმა წილხვდომილობის ლექცია პროტესტის ნიშნად დატოვა.   

„რომ წაგვიყვანეს, ეთქვათ სად, რისთვის მივყავდით, მაშინ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. მე მუსლიმი ვარ, პატივს ვცემ ქრისტიანულ რელიგიას, ასევე ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია, მაგრამ მე ჩემი რწმენა მაქვს და ვლოცულობ საქართველოსთვის, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს სამშობლო, ქართველობა მარტო ქრისტიანობა არაა,” - წერს კიდევ ერთი პედაგოგი სოციალურ ქსელში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ღონისძიებაზე პედაგოგების იძულებით მიყვანას უარყოფს. 

„არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ, არის შექმნილი სამთავრობო კომისია წილხვდომილობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც კომისიის ფარგლებში არის დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ყველა დაინტერესებულ მხარეებს. შესაბამისად, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება არავითარ ღონისძიებაზე,“ - ამბობს ირინა აბულაძე. 

 

დღის ამბები