27 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
„კურიერს" არ ვუყურებ" - კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ბილდინგ დეველოპერის“ დირექტორის, ალექსი სიხუაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. საუბარია გახმაურებულ საქმეზე, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მხრიდან შპს „ბილდინგ დეველოპერისთვის“ 7 მილიონის გადაცემას ეხება.

ოპოზიციის წევრების მტკიცებით, კომპანია „ბილდინგ დეველოპერს“, რომლის ხელმძღვანელიც „შაბათის კურიერში“ გასული რეპორტაჟის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ სუს-მა დააკავა, კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ხმალაძე მფარველობენ.

როგორც ცნობილია, ირკვევა, რომ მილიონების პირდაპირ ტენდერის გარეშე გაცემას ხელი თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის ძმამ, ჯაბა ხმალაძემ მოაწერა, რომელიც 2018 წლიდან გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორად მუშაობს. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ჯაბა ხმალაძე 7 მილიონის გაცემაზე ტენდერის გარეშე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.

ოპოზიციის წევრების ბრალდებებს კახა კალაძე ირონიით პასუხობს და ოპონენტებს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

„ოპოზიციამ ისეთი ტყუილი მოიფიქროს, რომ დამაჯერებელი იყოს. ადრე ამით მაინც იყვნენ პოპულარულები, რომ ისე ატყუებდნენ ხალხს, რომ ბევრი რამე სჯეროდათ და შექმნეს ვირტუალური საქართველო, სადაც ყველას ეგონა, რომ ყველაფერი მაგრად იყო, ყველა ბედნიერი იყო, ყველაფერი მაგრად მიდიოდა. მაგრამ ახლა უკვე ესეც არ გამოსდით, ტყუილებიც არ გამოსდით. „რაც შეეხება ირაკლი ხმალაძის ძმას, ის არის გამოცდილი პროფესიონალი, სპეციალისტი და ის მერიაში არ მუშაობს. შესაბამისად, ეს კითხვები თუ გაქვთ, დაუსვით შესაბამის უწყებას და არა დედაქალაქის მერიას,“ - აცხადებს კახა კალაძე.

კახა კალაძე ამბობს, რომ ის "კურიერს" არ უყურებს და ქალაქში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას არ უჩივის. 

„კურიერს" არ ვუყურებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს, 24 საათი ვართ საქმის კეთებაში. "კურიერს" ვინც უყურებს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ინფორმაციის მიღებაზე მე პრობლემა არ გამაჩნია არანაირი, აბსოლუტურად ვფლობ ინფორმაციას ქალაქში, ჩემს უწყებას რაც ეხება, ამის პრობლემა ნამდვილად არ გამაჩნია და არ მაქვს იმის საჭიროება, რომ „კურიერს“ ვუყურო. ახლა რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ცოტა ისეთი ტყუილები მოიფიქრეთ, რომ ცოტა მაინც დამაჯერებელი იყოს ხალხისთვის,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები