22 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ - ისრაელის რამდენიმე ქალაქში ემიგრანტები დააკავეს

საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები - ისრაელში, საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია, რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. დაკავებული მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყანაში ყოფნის უფლება არ აქვთ, საპატიმროებში გადაჰყავთ. ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება.

ქართველი ემიგრანტები, რომლებიც პატიმრობას გადაურჩნენ სპეცოპერაციის ადგილიდან კადრებს ავრცელებენ. კადრებში ცარიელი სამუშაო სივრცე ჩანს. როგორც ისინი ამბობენ, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს. მათი თქმით, პრობლემები მხოლოდ ქართველებს ექმნებათ.

„შუაღამისას შევარდნები, სამსახურებში შევარდნები. უკრაინელები, რუსები გაატარეს, ქართველები დაიჭირეს 30 კაცი. ახლაც რეკავენ ქუჩაში დააკავეს ბიჭები,“-ამბობს ემიგრანტი.

მათი თქმით, დაკავებული ქართველების დეპორტაცია არ ხდება. ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ.

ქართველი ემიგრანტების განცხადებით, საქართველოს საელჩო ისრაელში, დაკავებაზე რეაგირებას არ ახდენს. ემიგრანტები ამბობენ, რომ ამ დაკავებების მიზეზი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა.

„ეს დეპორტაცია ბოლო ერთი კვირა არის ქართველების მიმართ ძალიან არის გახშირებული. მიზეზი არის ის, რომ ვითომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და თქვენ უნდა დაბრუნდეთ თქვენს სახელმწიფოშიო.

ეს შექმნა საქართველოს მთავრობამ, რომ ჩვენ ვითომ აწყობილი გვაქვს საქართველოში საქმე, რა უნდა ჩვენს ხალხს და რატომ ითხოვენ თავშესაფარს. ეს ხალხი ყველა გადაჰყავთ ციხეში, შეიძლება ერთი თვეც მოუწიოს იქ ყოფნა. აცვიათ ჩვეულებრივი პატიმრის ფორმები, არანაირი დეპორტაცია არ ხდება, არიან მშივრები. ადამიანი დაიჭირეს, არალეგალი იყო, უნდა გადაიყვანონ სადეპორტოში და დააბრუნონ, მაგრამ არა, გადაჰყავთ ციხეში, ჰყავთ ციხეში, წყალი არაა, ერთ ბოთლს თუ მოგიტანენ, ერთი ბუტერბროტია და მშივრები არიან.

საელჩოსთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი რეაგირებას არ გააკეთებს და მეორეც საელჩო იმას გეტყვის, რომ  არალეგალი რომ ხარ ხომ იცი ასე იქნებოდაო,“-ამბობს ერთ-ერთი ემიგრანტი.

"კურიერი" დაუკავშირდა საქართველოს საელჩოს ისრაელში, სადაც კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ ისრაელში მოქალაქეების დაკავება მიმდინარეობს, თუმცა ამბობენ, რომ ეს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ჩატარებული გეგმიური რეიდებია. 

დღის ამბები