23 დეკემბერი 2024,   10:55
ვრცლად
"თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა" - კობახიძე არ აკონკრეტებს, განიხილება თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა

საარჩევნო სისტემის რეფორმა - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა პარლამენტში, დემარშის გარეშე დასრულდა, თუმცა გააგრძელებს თუ არა ოპოზიცია საარჩევნო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ოპოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას ითხოვს.

მმართველი გუნდი არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის გათვალისწინებას და ძირეული რეფორმის გატარებას.

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ეუთოს და ოდირის რეკომენდაციებზე იმუშავებენ. მისი თქმით, რეკომენდაციები ძირითადად პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, უფასო საეთერო დროს, დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ დამკვირვებლების 27 რეკომენდაცია დეტალურად განიხილება, თუმცა არ საუბრობს კონკრეტულად მაჟორიტარული სისტემის შესაძლო შეცვლაზე ან უცვლელად დატოვებაზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. მიუხედავად იმისა, რომ თემა არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესების, შესაძლებელია ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რომელზეც შეჯერდება პოლიტიკური პოზიციები.

"არის უამრავი საკითხი, მათ შორის პარტიების დაფინანსებასთან, დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, უფასო საეთერო დროის განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსი საარჩევნო უბნების გარშემო. არის 27 სხვადასხვა რეკომენდაცია, თითოეულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები