21 ნოემბერი 2024,   23:01
ვრცლად
საქართველოს საჯარო უწყებები ვერ ასრულებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას - IDFI

საქართველოს საჯარო უწყებები ვერ ასრულებენ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას - IDFI-ის მორიგი დასკვნა გასაჯაროვდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, საერთაშორისო პლატფორმის "პარტნიორობა ღია მმართველობისთვის" არსი, რომელიც 2013 წელს დაფუძნდა, ღია და ანგარიშვალდებული მთავრობებია.

IDFI-ის წარმომადგენლების განმარტებით, საქართველომ პირობა დადო, რომ უწყებების გადაწყვეტილებები და ქმედებები საჯარო იქნებოდა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად პირობა არ სრულდება.

"ჩვენი აზრით, არ ექცევა ყურადღება საჯარო ინფორმაციის პროაქტიურად გამოქვეყნებას ვებ გვერდებზე. დადგენილებით, მათ უნდა გამოაქვეყნონ ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება მათ საქმიანობას, ბიუჯეტს, როგორ განკარგავენ ამ ბიუჯეტს. მაგალითად, რამდენ პრემიას გასცემენ, რა დანამატებია, მანქანებზე რამდენს ხარჯავენ, საწვავზე რამდენს ხარჯავენ, ანუ ეს არის ორი ნაწილისგან შემდგარი დადგენილება, ერთი არის სამართლებრივი, მეორე არის ფინანსური, სწორედ ფინანსურ ნაწილთან არის ყველაზე დიდი პრობლემა,“ - განაცხადა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” პროგრამების დირექტორმა, ლევან ავალიშვილმა.

მონიტორინგის მიხედვით დადგინდა, რომ ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაცია იყო.

ამას მაგალითად ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ეკონომიკისა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელს, გოგა თუშურაშვილს მთავრობის ადმინისტრაციის შემთხვევა მოჰყავს. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ არ გამოუქვეყნებია.

„100 უწყებიდან მხოლოდ 85 საჯარო დაწესებულება იყო ისეთი, რომელსაც მონიტორინგის პერიოდში ჰქონდა საერთო ვებ გვერდი შექმნილი და მასზე ჰქონდა საჯარო ინფორმაცია განთავსებული,“ - განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.

დღის ამბები